ახალი ამბებისამართალი

ლაშა მესხი საზმაუს წინააღმდეგ – საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო

1 თებერვალი, 2018 • 2793
ლაშა მესხი საზმაუს წინააღმდეგ – საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო

დღეს, 1 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის და მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელის, ლაშა მესხის შესაძლო დისკრიმინაციული წესით სამსახურიდან გამოშვების საკითხის განხილვა დაიწყო.

სასამართლო დავაში ლაშა მესხის ინტერესებს გაერთიანებული პროფკავშირები იცავს. პირველ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის 3 შუამდგომლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს დაევალა საქმესთან დაკავშირებული დამატებითი მასალების წარდგენა.

შუამდგომლობის მიხედვით, ასევე მოხდება საქმესთან დაკავშირებული მოწმის დაკითხვა და სახალხო დამცველის დასკვნის წარმოდგენა, სადაც საუბარია ლაშა მესხის საქმეზე.

“8-თვიანი ლოდინის შემდეგ დღეს დაიწყო სასამართლო პროცესი. მოსამართლე აბსოლიტურად ადეკვატურად მიუდგა მოცემულობას და საქმის დამატებითი დეტალებისთვის ჩვენი სამივე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია გამარჯვებისკენ, რომელიც ისეთივე გარდაუვალია, როგორც 2×2=4. ჩემი გამოგდებით  მაუწყებელში დროებით ჩაახშეს პროტესტი, მაგრამ მთავარი დაავიწყდათ – ხალხს აქვს სიმართლის აღქმა: ჩემს მეგობრებს, ღირსეულ თანამშრომლებს, ჩვენს საყვარელ მაყურებელს და საზოგადოებას. ამდენ ადამიანს თვალებში ნაცარს ვერ შეაყრიან და მოუწევთ საკუთარი უპასუხისმგებლო და დისკრიმინაციული ქმედების გამო პასუხისგება,” – განაცხადა ლაშა მესხმა სხდომის შემდეგ.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან ბრძოლაში სიმართლე მის მხარესაა და სჯერა, რომ ეს მალე დადასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებით. როგორც ლაშა მესხი აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა ერთ კონკრეტულ დაჯგუფებას ან პოლიტიკურ ელიტას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხდებს, რომ სასამართლოს წარუდგენს საქმესთან დაკავშირებით მოთხოვნილ მასალებს.

“რაც მოითხოვა სასამართლომ, ჩვენ წარვადგენთ იმას. იმსჯელოს სასამართლომ ამ საკითხზე და რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება. რასაც დაავალებს საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო, იმის მიხედვით ვიმსჯელებთ,” – განუცხადა ნეტგაზეთს გიორგი გვიმრაძემ.

[red_box]ლაშა მესხი VS GPB[/red_box]

ლაშა მესხი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლიდან მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ ხშირად გამოთქვამდა საჯაროდ კრიტიკულ მოსაზრებებს.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლაშა მესხთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2017 წლის ივნისში საქართველოს სახალხო დამცველმა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართეს, მაგრამ არხის მენეჯმენტმა მათი რჩევა/მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი