ნეტგაზეთი | “მოამბის” 13 ჟურნალისტს ერთთვიანი კონტრაქტები გაუფორმეს “მოამბის” 13 ჟურნალისტს ერთთვიანი კონტრაქტები გაუფორმეს – Netgazeti

“მოამბის” 13 ჟურნალისტს ერთთვიანი კონტრაქტები გაუფორმეს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მოამბის” 13 ჟურნალისტს თებერვალში ერთთვიანი კონტრაქტები შესთავაზა.  ამის შესახებ ინფორმაციას “მოამბის” ჟურნალისტი და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლაშა მესხი ავრცელებს.

“გარდა იმისა, რომ ეს თანამშრომლების სტრესულ ვითარებაში ჩაგდება და სრული უპატივცემულობაა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული შტატები სპეციალურად იწმინდება…
რეორგანიზაციის და წინა მენეჯმენტის ავკარგიანობის შესწავლის აუცილებლობა რომ დგას ტელევიზიაში, მე ამაზე გასული წლის მაისის შემდეგ ვსაუბრობ, თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, რეორგანიზაცია ქვემოდან ზემოთ კი არ უნდა დაწყებულიყო, არამედ იმათგან, ვის გამოც არის ის კრიზისული ვითარება, რომელიც სავსებით თვალსაჩინოდ ასახა ვასილ მაღლაფერიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე. ერთადერთი, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, არის რეალური სამოქალაქო საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენზე „ზემოდან ვერავინ დარეკავს“…
ასე რომ, მეგობრებო, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.  თუ სხვა გადაცემების „დახურვა“ ან „შეჩერება“ შეიძლება დროში გაიწელოს, ჩვენ საფრთხის წინაშე ვართ დღეს. დიახ, „მოამბე“ საფრთხეშია და დიახ, მაუწყებელში კვლავ იდევნება განსხვავებული აზრი. 
მე პირადად სექტემბერში ამომეწურა კონტრაქტი და გამიგრძელეს 3 თვით, შემდეგ  კიდევ ერთი თვით, ახალი ხელმძღვანელის პირობებში გაგვიგრძელეს 1 თვით”, – წერს ლაშა მესხი ფეისბუკზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ერთთვიან კონტრაქტებს რეორგანიზაციის პროცესით ხსნის, რომელიც მისი თქმით, მაუწყებელში ახლა არ დაწყებულა.

“ამ ერთი თვის შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი მოკლევადიანი შეთავაზება მათ აღარ გაუკეთდებათ”.

კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ერთი თვის შემდეგ მოამბის ზოგიერთმა ჟურნალისტმა საერთოდ აღარ მიიღოს არანაირი შეთავაზება, იგი პასუხობს: “იმ პროცესში ვართ, რომელშიც ყველაფერია შესაძლებელი. ოღონდ ვინ იქნება ასეთი, კონკრეტულად არ ვიცით, ჩვენ გვინდა, რომ ყველასთან მოვიქცეთ სამართლიანად”.

მოამბეში მიმდინარე პროცესებზე უფრო ვრცლად ისაუბრა მაუწყებლის გენდირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ. მან ახსენა ატესტაცია, რომელიც მისი თქმით, მოამბეში იგეგმება:

“საქმე ის არის, რომ მოამბის საკითხიც მთლიან კონტექსტში წყდება. ჩვენი ხედვაა, რომ საინფორმაციო სამსახური რჩება და ძლიერდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მოამბე უნდა იყოს დაკომპლექტებული მხოლოდ კვალიფიციური ჟურნალისტებით და პროდიუსერებით. მათ ექნებათ ძალიან დიდი მოვალეობები, რომ ჩვენ კანონი რასაც გვისაზღვრავს, იმ პრიორიტეტების უმრავლესობა სწორედ ამ ჯგუფმა უნდა აიღოს თავის თავზე გარკვეული თვეების განმავლობაში.  მოამბე ძალიან არაკონკურენტნარიანია სხვა ტელევიზიებთან, მათ შორის ჯი-დი-ესთან. მოამბეში ჟურნალისტების დიდ ნაწილს ბევრად ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე მათ კოლეგებს სხვა ტელევიზიებში. ამის გამო მოამბიდან ბევრი ადამიანი წავიდა და აქ რომ კვალიფიკაციის პრობლემა არის, ამაზე თვითონ მოამბის თანამშრომლები საუბრობენ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ჩატარდეს ერთგვარი ატესტაცია, როდესაც შემოწმდება კვალიფიკაცია, მათ შორის გარედან მოყვანილი ადამიანების მიერ. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ზუსტად გაირკვევა, როგორ ასრულებენ ეს ადამიანები თავის მოვალეობას, რა უნარები აქვთ, რა ცოდნა აქვთ, როგორ ხედავენ თავის ფუნქციას,  ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რასთან გვაქვს საქმე, არის თუ არა საჭირო კადრებით და კვალიფიკაციით გაძლიერება, ამის შემდეგ ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს და ამ წესით ავიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მივანდობთ ამ დიდ საქმეს.

რაც შეეხება ლაშა მესხს, მას დაუდეს ერთთვიანი კონტრაქტი სწორედ იმიტომ, რომ მისცემოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ამ კონკურსში და თავისი კვალიფიკაცია დაედასტურებინა”, – ამბობს ია ანთაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com