ახალი ამბები

საპატრიარქო და მუსლიმთა სამმართველო მინარეთის დასაწყობებაზე შეთანხმდნენ

29 აგვისტო, 2013 • 1217
საპატრიარქო და მუსლიმთა სამმართველო მინარეთის დასაწყობებაზე შეთანხმდნენ

“დღეს, საქართველოს საპატრიარქოში შედგა კათოლიკოს–პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან ადიგენის რაიონში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. ამასთან, ვითვალისწინებთ რა მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც, მუსლიმთა სამმართველოსთან შეთანხმებით ვაცხადებთ შემდეგს

 

1. მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ.

 

2. არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის.

 

3.ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყონ მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება.

ამასთან, მივმართავთ როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ მრევლს, თავი შეიკაონ გამოსვლებისაგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

 

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის ექსპერტიზას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებდა, ექსპერტიზა დღის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო, დღესვე მინარეთი კვლავ თავის ადგილზე უნდა აღემართათ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი