
საქართველოში C ჰეპატიტს არ აღიქვამენ, როგორც დიდ საფრთხეს. დაავადების შესახებ ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ამის ერთ-ერთი გამოვლინება ალკოჰოლის დაძალებაა.
დიალოგი სუფრაზე:
– შენ რატომ არ სვამ?
– C მაქვს და არ შეიძლება …
– ნუ გაახურე საქმე. ჩემს კლასელსაც C აქვს და ხარივით სვამს. ღვინო, პირიქით, კარგია, ეს არაყი არ შეიძლება. მიდი ერთი ჭიქა დაგვილიე … ღვინო კი არა წამალია.
სამწუხაროდ, ასეთი დიალოგი ხშირად დიეტის დარღვევით მთავრდება. ალკოჰოლი 6-7–ჯერ აჩქარებს ღვიძლის დაზიანების ტემპს, ანუ პაციენტს 7-ჯერ უფრო სწრაფად განუვითარდება ჯერ ციროზი და შემდეგ ღვიძლის ონკოლოგიური დაავადება.
საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის მაღალი საფასურის გამო, უმეტესობა ვერ იტარებს ანტივირუსული ქიმიო–თერაპიის კურსს. ერთადერთი გზა დიეტა და რეჟიმია. 47 000 ადამიანს მკურნალობის დაწყება ესაჭიროება. უკვე რამდენიმე თვეა ვცდილობ, ხმა მივაწვდინო მათ, ვინც C ჰეპატიტით არიან ინფიცირებულნი და ვერ მკურნალობენ. საკუთარი გამოცდილება მინდა გავუზიარო ამ ადამიანებს.
როდესაც თავად აღმოვაჩინე, რომ C ჰეპატიტი მაქვს, ჩემი დაავადება საკმაოდ შორს იყო წასული და ციროზის სტადიას ერთი ნაბიჯი მაშორებდა. 2006 წლიდან დღემდე დაავადების შეჩერებას მხოლოდ დიეტით და რეჟიმით ვახერხებ. ჩემს შემთხვევაში, მკურნალობის კურსი უშედეგო იყო და ამის გამო ერთადერთი რაც დამრჩენია – დაავადების მართვაა. ალკოჰოლზე უარი რომ არ მეთქვა, დღევანდელ დღეს ვერ მოვესწრებოდი. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუ რამდენად ეფექტურია დაავადების მართვისას დიეტა და რეჟიმი.
ჩემი გამოცდილების გაზიარება რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის მსურს და ამიტომ დავააარსე C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება.
ყველა ინფიცირებულის სტადიონზე თავმოყრა რომ შემეძლოს, მხოლოდ სამ რამეს ვეტყოდი:
1. ჰეპატიტი ძალიან ნელა პროგრესირებს, თუ უარს იტყვით ალკოჰოლზე, დაიცავთ დიეტას და რეჟიმს.
2. აუცილებლად მიდით ექიმ-ჰეპატოლოგთან და შეიტყვეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის და ღვიძლის მდგომარეობის შესახებ.
3. გახსოვდეთ, რომ C ჰეპატიტი ვერ მოგკვლავს, თუ თავად არ დავეხმარეთ ამაში!
… უი, კინაღამ დამავიწყდა… აუცილებლად ურჩიეთ თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გაიკეთონ ანალიზი C ჰეპატიტზე. ეს არ არის ძვირი (15 -22 ლარი). ჰეპატიტს ალერსიან მკვლელს უწოდებენ, მას არ აქვს გამოკვეთილი სიმპტომები. თუ დროულად არ გამოიკვლევთ, გაქვთ თუ არა ჰეპატიტი, დაავადებამ შეიძლება მძიმე ფორმები მიიღოს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა.
სამწუხაროდ, შეუძლებელია ყველას ერთ ადგილას თავმოყრა, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების ცხელი ხაზი -2 904 400. ეს სერვისი უფასოა, ვინაიდან კომპანია „ სილქნეტმა“ უზრუნველყო სპეციალური ხაზი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად.
ერთი შეხედვით, რა კავშირი აქვს საკომუნიკაციო კოპანია „სილქნეტს“ და C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანებას?
ასეთივე წარმატებით შეიძლება ვიკითხოთ: რა კავშირშია ტელეკომპანიები- „იმედი“, „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“, რომლებიც თავის ეთერში უფასოდ ავრცელებდნენ ამ პროექტის ფარგლებში დამზადებულ სოციალურ რეკლამას. ასევე გაურკვეველია, თუ რა კავშირშია შვედეთის განვითარების სააგენტო “სიდა” და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს.
პასუხი მარტივია, ყველაფერი კავშირშია. რომ არა ჩვენი პარტნიორები, ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ კვლავ არ გავრცელდებოდა.
ახლა თქვენი ჯერია! დაგვეხმარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. გაავრცელეთ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი 2 904 400 და ვებ მისამართი hepatiti.ge. შეგიძლიათ Facebook-ზე დაგვიმეგობრდეთ, აკრიფეთ საძიებელში C ჰეპატიტი. ზოგიერთისთვის ჩვენთან დაკავშირდება სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია.

“C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების“ დამფუძნებლებმა, ლონდონში მცხოვრებმა ჟურნალისტებმა ირაკლი იმნაიშვილმა და ნათია აბრამიამ შექმნეს სპეციალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცხოვრებ c ჰეპატიტის პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს მნიშვნელოვან, უახლეს ინფორმაციას აწვდიან დაავადებით გამოწვეულ ახალ რეალობასთან შესაგუებლად და წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ამისათვის გაერთიანება იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა უფასო ცხელი ხაზი, მუდმივად განახლებადი ვებ საიტი და ბლოგი, სადაც ჟურნალისტები პირად გამოცდილებას უზიარებენ მკითხველს.
ბლოგის ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://c-hepatiti.blogspot.com/. . ასევე მოქმედებს უფასო ცხელი ხაზი 2904 400, სადაც პროფესიონალ ფსიქოლოგთან შესაძლებელია კონსულტაციის გავლა და გაერთიანების ვებ გვერდიც www.hepatiti.ge , ინტერაქტიული საიტი, სადაც პაციენტები ან მათი ოჯახის წევრები ონლაინ შეკითხვებზე იღებენ პასუხს პროფესიონალი ჰეპატოლოგისგან.
კომპანია „სილქნეტი“ აქტიურად ჩაერთო პროექტში და პაციენტთა განათლების ფარგლებში უზრუნველვყოფს ფონდის ცხელი ხაზის ეფექტურ მუშაობას, არის პროექტის ინტერნეტ პროვაიდერი. აღნიშნულ მომსახურებას კომპანია უანგაროდ აწარმოებს და საჭირო ხარჯებსაც თავად ანაზღაურებს.
„C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება“ სთავაზობს პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს დახმარებას კონსულტაციის სახით, აწვდის სანდო ინფორმაციას მკურნალობის ახალი მეთოდების და დაავადების მართვის შესახებ, ახდენს C ჰეპატიტის პაციენტთა ადვოკატირებას, რათა დაავადებასთან ბრძოლა ქვეყნის ჯანდაცვის ერთ–ერთ პრიორიტეტად იქცეს.








