ახალი ამბები

მართლმადიდებელი მოსახლეობა ახალციხეში მინარეთის საწინააღმდეგო აქციას მართავს

29 აგვისტო, 2013 • 1447
მართლმადიდებელი მოსახლეობა ახალციხეში მინარეთის საწინააღმდეგო აქციას მართავს

მართლმადიდებლები ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ; ახალციხე, 2013 წელი, ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
მართლმადიდებლები ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებენ; ახალციხე, 2013 წელი, ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

“დღის განმავლობაში 3-ჯერ მაინც ისმის სოფელში მოლას ხმა, სოფლებიდან: ღორთუბნიდან, კეხოვანიდან და ნამინაურიდან. ამ სოფლებში მინარეთი არ აქვთ, მაგრამ ხმის გამაძლიერებლებით მოლა მოძახილს აკეთებს და ამით ძალიან ვწუხდებით”, – ამბობს “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

“სამცხე-ჯავახეთის ყველა რაიონიდან არიან ჩამოსული მართლმადიდებლები და კვლავ გვიერთდებიან. თუ საჭირო გახდება, ათიათასობით შევიკრიბებით. ხელოვნურად ნუ ქმნიან დაპირისპირებას”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კოპაძე. მისი  თქმით, მართლმადიდებელი მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ ამ თემაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, აქციაზე მყოფ ახალციხის ციხის დირექტორს, გუჯა ბიჭაშვილსა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზურაბ ჩილინგარაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გუჯა ბიჭაშვილის თქმით, აქციაზე იმიტომ იმყოფება, რომ რელიგიური კონფლიქტის ხელოვნურად გაჩაღების მცდელობა გააპროტესტოს: “ეს იყო მიზანმიმართული დემონტაჟი “ნაცმოძრაობის” მხრიდან, არაკანონიერად, უნებართვოდ, ყველაფრის გარეშე განახორციელეს დემონტაჟი. არ კითხეს არც მართლმადიდებლებს, არც მუსლიმან ქართველებს. ძალიან კარგად იცის ეს ჩილინგარაშვილმა”.

შეაგხსენებთ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი არა ადიგენის გამგებელმა [რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია], არამედ შემოსავლების სამსახურმა განახორციელა. 

მეჩეთი ჭელაში
მეჩეთი ჭელაში

აქციაზე მყოფი ნაციონალების მაჟორიტარმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა სამხრეთის კარიბჭეს განუცხადა, რომ  ის ამჯერად აქციაზე მისი რაიონის მცხოვრებლების მხარდასაჭერად მივიდა:

“ჩემი რაიონის მცხოვრებლები არიან და როგორც აჭარელ მოსახლეობას ვუდექი გვერდით, ისე დავუდგები ამათაც გვერდში, რომ ეს დაძაბულობა როგორმე განვმუხტოთ. ეგ თუ ბიჭაშვილი იყო, მე პირველად გავიგე. რატომღაც, არის რამდენიმე პროვოკატორი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩემი ბრძანებით, მე დავადგმევინე იქ მინარეთი, რაც სასაცილოა. თუ დაიწყო ერთამანეთზე გადაბრალება, ამ საქმეს ბოლო არ ექნება”.

სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი ხელისუფლებამ 26 აგვისტოს მოახდინა. დემონტაჟს მუსლიმმა თემმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციამ 19 პირი დააკავა. მათგან 10 , პოლიციის განცხადებით, მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს. დანარჩენი 9  დაკავებული 27 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

გუშინ ბათუმში მუსლიმმა თემმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დაპირება მიიღო, რომ ხელისუფლება მინარეთს აღუდგენდა. დღეს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მინარეთს სავარაუდოდ დღეს აიტანენ სოფელ ჭელაში. 

ჭელაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე 27 აგვისტოს გამოეხმაურა და ჭელაში მინარეთთან დაკავშირებული მოვლენები რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობად შეაფასა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი