ახალი ამბები

მუსლიმი მრევლი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ითხოვს – აქცია ბათუმში

28 აგვისტო, 2013 •
მუსლიმი მრევლი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ითხოვს – აქცია ბათუმში

არჩილ ხაბაძე მეჩეთში არჩილ ხაბაძის განცხადებით, მუსლიმ მრევლს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის პირველი არის მინარეთის აღდგენა.  „ჩვენ გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა ადიგენიდან ჩამოსულ მრევლთან ხულოში. პირველი მოთხოვნაა,  რომ მინარეთი აღდგეს, ჩვენი თხოვნა კი იყო, რომ უნდა მოხდეს კანონიერების ფარგლებში, რაზეც მრევლის დიდი ნაწილი დამთანხმდა.  ბევრი თხოვნა გადავეცი პრემიერის, რომ ის მათ გვერდით არის და მსგავს გაუგებრობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ეს იყო მოულოდნელი და ნაჩქარევიც და ამას უნდა გამოსწორება. მრევლს ვთხოვ, რომ ვიყოთ ერთად და არ გადავდგათ ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.“

არჩილ ხაბაძის განცხადებით, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც მინარეთის განბაჟების დროს შეცდომები დაუშვეს. 

აჭარის მუფთის, ჯემალ პაქსაძის განცხადებით, პროექტირებაზე ნებართვა შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცეს და კანონმდებლობით მოგვარდეს.  

ჯემალ პაქსაძის განცხადებით, მორწმუნე საზოგადოება ხელისუფლების ქმედების გამო აღშფოთებულია: „იმედი გვაქვს, ხელისუფლება მუსლიმანების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს არის ისტორიაში ძალიან დიდი ლაქა და ამ ლაქის გამოსწორება შეიძლება მინარეთის აღდგენით. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ადგილობრივი ქრისტიანები მინარეთის მშენებლობას არ ეწინააღმდეგებიან“.

„საკუთარმა ძმებმა ფეხქვეშ მომიგდეს, მეშოკსაც კი არ დაარტყამენ ისე ფეხს, როგორც მე მირტყეს. ამის მრცხვენია.  დამაკავეს და ბორკილებიც დამადეს, მაგრამ ჩვენ მაინც ერთნი ვართ, ისინიც ჩვენი ძმაა. ერთი თანამდებობის პირი მეუბნება, შენ რანაირი ქართველი ხარ, ქრისტიანი არ ხარო. ამ ხალხს ვერ გავაგებინე, რომ სარწმუნოება სხვადასხვაა და ეროვნება სხვა“  – ამბობს ადიგენში მცხოვრები ოთარ მარგოიძე. მან არჩილ ხაბაძეს პრემიერთან შეხვედრაში დახმარება სთხოვა: „თქვენ ხმლის პირი ხართ. თქვენ უნდა გაჭრათ და ჩვენ გაგყვებით. ბევრი რამე ხდება ისეთი, რომელიც არ ჩანს და ჩვენ გვინდა მასთან ამაზე საუბარი“ – განაცხადა ოთარ მარგოიძემ.  

ქობულეთის მუფთმა, ასლან ბერიძემ კი პრემიერს დანაპირები შეახსენა: „ჯამეს გაკეთებას შეგვპირდა პრემიერი, მაგრამ შემდეგ რეფერენდუმზე დაიწყეს საუბარი. რომელი რეფერენდუმი ჩატარდა ხულოში, იყოს თუ არა ეკლესია. ხიჭაურში სასულიერო უნივერსიტეტი გააკეთეს, მაშინ, როცა ამ ტერიტორიას ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ არ მოგვცეს“.

 მორწმუნეების განცხადებით, მინარეთის დანგრევა იყო მოთმინების ბოლო წვეთი: „ეს იყო იმის საჩვენებელი, რომ მუსულმანი მრევლი ვეღარასოდეს გაიმართოს წელში, მაგრამ ვერ მივართვით. ჩვენ წელში ვერავინ ვერ გაგვტეხს“ – განაცხადა მაჩეთში შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მორწმუნემ, ქემალ ცეცხლაძემ.

მორწმუნეები პრემიერისგან მოითხოვენ ოფიციალური განცხადების გაკეთებას: „გააკეთოს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება, რომ მსოფლიომ დაინახოს, როგორი რუდუნებით ეპყრობა იგი თავის ხალხს“.

მორწმუნეთა მოთხოვნები ქემალ ცეცხლაძემ გაახმოვანა. მან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გააკრიტიკა: „წულუკიანი დაბალი დონის იურისტი ყოფილა, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტიზის გამო დაანგრიეს მინარეთიო. ექსპერტიზა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნაგებობებსაც უტარდება, მაგრამ ადგილზე კი არ ანგრევენ და მიაქვთ“.

„მოვითხოვთ, მინარეთი სასწრაფოდ დაბრუნდეს ადგილზე. ჩვენ ასევე ვაპირებთ ზემო უბანში ახალი მინარეთის დადგმას, მოგვეცით პროექტი, რომ შემდეგ ადიგენის მთავრობას აღარ ჰქონდეს პრეტენზიები“.

„მამულს თავი უნდა შევაკლათ და ვაფურთხოთ სარწმუნოებას? ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას თავს შევაკლავთ“ – განაცხადა ქემალ ცეცხლაძემ.

მორწმუნეების განცხადებით, თუკი შეცდომა საბაჟომ დაუშვა,  სასწრაფოდ უნდა  დასაჯონ ის მებაჟეები, ვინც  შექმნა აღნიშნული პრობლემები.

მორწმუნეები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი