ახალი ამბები

“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

30 იანვარი, 2018 •
“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დავით კაკაბაძე რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

მის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

ამის შემდეგ  რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთან.  მასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე “წითელი ზონისა” და “ინტერVIEW”-ს დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მხარდასაჭერად ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა.

“ნეტგაზეთმა” რადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება არაერთგიზს სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

„რადიო თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, –  ეწერა „რადიო თავისუფლების” სათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი