ახალი ამბები

ტრამპის ადმინისტრაციამ “პუტინის სია” გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ქართული გვარია

30 იანვარი, 2018 • 4799
ტრამპის ადმინისტრაციამ “პუტინის სია” გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ქართული გვარია

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში პუტინთან დაახლოებული 114 პოლიტიკური ფიგურა და რუსეთის მოქალაქე 96 მსხვილი ბიზნესმენი მოხვდა, თუმცა  აშშ ჯერჯერობით არ დაუწესებს მათ დამატებით სანქციებს – წერს CNN.

გამოცემის ინფორმაციით, ამ სიის ნაწილს უკვე ეხება აშშ-ის სანქციები, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ შემდგომი ზომების [სანქციების] დაკისრება გადაიფიქრა და განაცხადა, რომ არსებული კანონმდებლობა თავის საქმეს აკეთებს. “გამოქვეყნებული ანგარიში “არ არის სანქციების სია” – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ვინ არიან ‘პუტინის სიაში”

ე.წ “პუტინის სიაში” 210 სახელი ფიგურირებს. სიაში მოხვედრილი 114 სახელი რუსეთის მთავრობის წევრებს ან მთავრობასთან დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით, ხოლო დანარჩენი 96 ოლიგარქის სახელი, როგორც ჩანს, უფრო მათი ქონების ღირებულების 1 მილიარდ დოლარზე მეტად შეფასების გამო არის მითითებული, ვიდრე უშუალოდ კრემლთან მათი კავშირის გამო, წერს BBC.

CNN-ის თანახმად, სია შეიცავს:

  • პუტინთან დაახლოებულ 114 პოლიტიკურ საქმოსანს.
  • 96 ოლიგარქს, 1-მილიარდიანი ან მეტი ქონებით, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელს რომან აბრამოვიჩს და მედია-მაგნატს ალიშერ უსმანოვს.
  • ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, სია “ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მიღებულ ობიექტურ კრიტერიუმებს”.  ოლიგარქების სახელები ზუსტად შეესაბამება ჟურნალ Forbes- ის მიერ გამოქვეყნებულ რუსეთის მოქალაქე 96 მილიარდერის სიას.

სიაში მოხვდა რუსეთში მცხოვრები მილიარდერი ალექსანდრე ჯაფარიძე

სიაში ერთადერთი ადამიანია ქართული გვარით – ალექსანდრე ჯაფარიძე. იგი რუსეთში კომპანია Eurasia Drilling Company-ს გენერალური დირექტორი და მისი მსხვილი აქციონერია. მან 2004 წელს Lukoil-ის საბურღი შვილობილი კომპანია 130 მილიონ დოლარად შეიძინა და Eurasia Drilling Company-ად გადააქცია. ფორბსის მონაცემებით მისი ქონება 1,56 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. იგი  გამოქვეყნებულ “ოლიგარქების სიაში” მეოცე ნომრად წერია.

ალექსანდრე ჯაფარიძე © ფორბსი

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს

ტრამპის ადმინისტრაციას ამ სიის გამოქვეყნება კანონის (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act) მიხედვით ევალებოდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, ყირიმის ოკუპაციასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების გამო მიიღეს.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დაუყონებლივ არ მიიღებენ, მიუხედავად ახლად შემუშავებული კანონისა, რომელიც რუსეთს დასჯიდა 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვისთვის. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, დღეისათვის უკვე არსებულმა ზომებმა [სანქციებმა] რუსულ კომპანიებს ზარალი მიაყენა, წერს როიტერსი.

გასულ წელს აშშ-ის კონგრესმა, იმისათვის, რომ დონალდ ტრამპს მოსკოვისთვის ახალი სანქციები დაეწესებინა, კანონმდებლობის დამტკიცებას თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. ტრამპი, რომელსაც მოსკოვთან ურთიერთობების დათბობა სურდა, კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა აგვისტოში მაინც მოაწერა ხელი.

რუსეთის მხარის განცხადებით, ზემოხსენებული სიის გამოქვეყნებამ შესაძლოა “საფრთხის ქვეშ დააყენოს ურთიერთობები” და მოჰყვეს “ძალიან სერიოზული შედეგები”, – წერს CNN.

“ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას ემსახურება” –  განუცხადა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ჩეპამ რია ნოვოსტს.

ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკოსები აღშფოთებულები არიან, რომ სიის გამოქვეყნების მიუხედვადად, არ მიიღო დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღდმეგ, წერს CNN.

სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი