ახალი ამბები

ხაბეიშვილი: მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე პასუხისმგებელი თბილისის მერიაა

30 იანვარი, 2018 • 2068
ხაბეიშვილი: მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე პასუხისმგებელი თბილისის მერიაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ვარკეთილის მეტროში მომხდარ ნგრევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს. მისი თქმით, ფაქტი ადასტურებს, რომ ექსპერტიზა რიგ ხარვეზებს შეიცავდა რეკონსტრუქციის ხარისხის შესახებ, რაზეც პასუხიმსგებელია როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ისე ქალაქის ყოფილი და ამჟამინდელი მერი.

“რა თქმა უნდა, ესაა მერიის პასუხისმგებლობა, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ საზეიმოდ გახსნა მეტროსადგური და თქვა, რომ ვარკეთილი არის უსაფრთხო. ეს მაშინ, როდესაც ათასობით და ათიათასობით ადამიანი გადაადგილდება ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად. “ყვარელრევმშენს” 10-წლიანი გარანტია ჰქონდა გაცემული, რომ აქაურობას არანაირი რეკონსტრუქცია არ დასჭირდებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა წერია იმ ექსპერტიზაში, რომელიც ჩატარდა? დგას როგორც მერის პასუხისმგებლობა, ისე სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, რომელმაც ამ ექსპერტიზას მოაწერა ხელი და იგივე თანამდებობას იკავებს”, – განუცხადა ხაბეიშვილმა “ნეტგაზეთს”.

დღეს, 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი