ახალი ამბები

“მთლიანად ჩამოინგრა ჭერი და ქვემოთ ვინც იყო, ყველა მოიყოლა” – რას ჰყვება თვითმხილველი

30 იანვარი, 2018 • 12925
“მთლიანად ჩამოინგრა ჭერი და ქვემოთ ვინც იყო, ყველა მოიყოლა” – რას ჰყვება თვითმხილველი

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არაერთი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. როგორც თვითმხილველები ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებენ, ნგრევის შედეგად შესაძლოა იყოს მსხვერპლიც.

ერთ-ერთი თვითმხილველი უფლებადამცველი ეკა ჭითანავაა. ის ესკალატორზე ჩადიოდა, როდესაც ვაგონებს შორის ჭერი ჩამოინგრა და მგზავრები მოიყოლა.

“ახლაც შოკში ვარ… მთლიანად ჩამოინგრა ჭერი, დადგა კვამლი და ქვემოთ ვინც იყო, ისინი ყველა მოიყოლა. სასწრაფო მალევე მოვიდა. ესკალატორიდან რომ ამოვედი უკან, რამდენიმე უკვე ადგილზე იყო და ათ წუთში კიდევ მოვიდნენ. ახლა ძალიან ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანებია აქ და გადაკეტილია გზები,” – ამბობს ეკა ჭითანავა.

თვითმხილველის თქმით, ამ დრომდე ამოჰყავთ მეტროსადგურიდან დაშავებულები:

“რამდენი დაშავებულია, ზუსტად არ ვიცი. ახალგაზრდა გოგო ამოიყვანეს, რომელიც ჩემი თვალით დავინახე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამბობენ, რომ ერთი ადამიანი დაიღუპაო, მაგრამ დაზუსტებული არ არის.”

[red_box]ნგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში – უახლესი ამბები[/red_box]

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 7 ადამიანი, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი