“ჩემს მშობლიურ ადიგენის რაიონში გუშინ ადგილი ჰქონდა მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს – ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით, აბსურდული მიზეზითა და აგრესიული ფორმით განხორციელდა მუსლიმანური მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც ჩვენი ქვეყნის მუსლიმანი მოქალაქეებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა. ინციდენტს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენება მოჰყვა”, ასე იწყება განცხადება, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

“მსგავსი უგუნური ქმედებით, ამჟამინდელი მთავრობა არა უბრალოდ ხელჰყოფს ჩვენი ქვეყნის მაჰმადიან მოქალაქეთა ჯგუფის ფუნდამენტურ სამოქალაქო და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ადგილი არანაირ მსგავს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტს არ ჰქონია”.

 

მერაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ მოვლენების ფონზე ადიგენის გამგებლის დაკავება რაიონში სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.

 

“მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა, პირველ რიგში, წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას კონტროლი დაამყაროს ადიგენის რაიონზე, ერთადერთ რაიონზე სამცხე-ჯავახეთში, რომლის საკრებულოშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ”, – აცხადებს მერაბიშვილი და მოუწოდებს ხელიუფლებას, “გონს მოეგოს და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივ მუსულმან მოქალაქეებს”.

 

26 აგვისტოს ადიგენის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, სპეცნაზმის წევრებმა მოქალაქეები სცემეს. დაპირისპირების შემდეგ  სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. აქედან 10 მოწმის სახით დავკითხეთო, -აცხადებენ შსს-ში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *