ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, რამდენჯერმე პირადად შეხვდა ამირან დევნოზაშვილს, რომელიც 8 შვილს სკოლაში არ ატარებს და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევს.
როგორც მიტროპოლიტმა ნეტგაზეთს განუცხადა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი ოჯახი ამირან დევნოზაშვილის ნებას ემორჩილება, თუმცა მისთვის უცნობია, როგორ ხდება ეს – ოჯახის დანარჩენი წევრების და ამირან დევნოზაშვილის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, თუ რაიმე სახის გავლენა არსებობს მათ ნებაზე.
მიტროპოლიტის თქმით, 1-2 წლის წინ ოჯახის დანარჩენი წევრებიც ნახა, თუმცა მათთან პირისპირ გასაუბრება ვერ მოახერხა, რადგან ამის საშუალება არ მიეცა.
“დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე ბავშვებთან. არ იძლეოდა საშუალებას, რომ ბავშვებს გავსაუბრებოდი. ის როგორც იტყვის, ყველა ისე იქცევა. ემორჩილებიან, თუმცა, რის ხარჯზე და როგორ, არ ვიცი. მე, ზოგადად, არ მომწონს მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ერთმანეთში დამოკიდებულება, თუმცა არ შემიძლია მის ცხოვრებაში შიგნით დავინახო რაღაცები. უბრალოდ, ჩემთვის ეს მიუღებელია, პირადად ვუთხარი… ყველაფერი გავაკეთე”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მიტროპოლიტი სტეფანე.
კითხვაზე, აძლევს თუ არა დევნოზაშვილი ცოლს სახლის დატოვების შესაძლებლობას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ცოლთანაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს.
“სხვას არ აქვს უფლება რაიმე ილაპარაკოს… ის საუბრობს, იმპერატიული დამოკიდებულება აქვს. შინაგანი რწმენით რომ იყოს ასე და ძალადობის გარეშე აკეთებდნენ ისე, როგორც მას უნდა, ამის ასპროცენტიანი გარანტია არ არის. შიგნით რა ხდება, არ ვიცი… საკუთარი რწმენით აკეთებენ ამას თუ რაიმე გავლენით, შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს”, – უთხრა მიტროპოლიტმა “ნეტგაზეთს”.
მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, როგორც ამირან დევნოზაშვილმა მას განუმარტა, ის მართლმადიდებელი წმინდანის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებით მოქმედებს, თუმცა, მიტროპოლიტის თქმით, დევნოზაშვილი ეპისკოპოსის სწავლებებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.
“ის ეკლესიურად ნამდვილად არ მოქმედებს. ბავშვების იზოლაცია არ არის ქრისტიანობა. ავუხსენი ეს ყველაფერი… ბრიანჩანინოვმა როგორც მითხრა, ისე ვმოქმედებო, ეგნატე ბრიანჩანინოვი არის წმინდანი, საერთოდ, ტყუილად ლაპარაკობს ამას, რადგან ბრიანჩანინოვს ასეთი რამ არსად არ უწერია, რომ ბავშვები უნდა გამოკეტონ. ის, ზოგადად, ყველას აფრთხილებს, ისეთი დრო დადგება, როდესაც რთული იქნება ქრისტიანობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებისგან გარიყული იყო”, – უთხრა მიტროპოლიტმა “ნეტგაზეთს”.
როგორც მიტროპოლიტი სტეფანე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, საკითხს ყურადღება სჭირდება:
“მე ვერაფერს გავხდი. როდესაც დაკეტილი აქვს [კარი] ადამიანს, რაც გინდა უთხარი, ის მაინც თავისას აკეთებს. შემდეგ დავანებე თავი, მე ვეცადე რაღაცებს, რამდენჯერმე შევეცადე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ის, რომ ბავშვები წაერთმიათ, ჩემი ლოცვა-კურთხევა ამ მიმართულებით არ იყო, ეს რთული საკითხია. ღმერთმა გაუხსნას აზრი და გააგებინოს სწორი გზა როგორაა, თუმცა ყურადღება სჭირდება იმ ბავშვებს. კარგი იქნება, საუბრის შესაძლებლობა თუ იქნება, გარკვეული ფსიქოლოგიური განტვირთვა რომ ჰქონდეთ ბავშვებს. მეც სიამოვნებით ვიმუშავებ ამ ბავშვებთან პერიოდულად”, – ამბობს მიტროპოლიტი.
შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ დევნოზაშვილების ოჯახის რვა შვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოძიება გაარკვევს, არიან თუ არა მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვები შინაპატიმრობაში.
რვა არასრულწლოვანს თითქმის ათი წელია შეზღუდული აქვს გადაადგილების, სკოლაში სიარულის და სხვა უფლებები. ამის თაობაზე განცხადება დღეს 29 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტომაც გააკეთა.