ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღის მასწავლებლებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავდება და მათი ხელფასის ზრდაც ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე იქნება მიბმული.
მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ბაღების სააგენტო HR სტრატეგიას შეიმუშავებს, შემდეგ კი ამ სტრატეგიას საკრებულო დაამტკიცებს. ამისთვის სააგენტოს წელიწად-ნახევარი აქვს გათვალისწინებული.
“როგორც კი მოვედი, ეგრევე განვაცხადე და თქვენც მინდა გაგაცნოთ გეგმა – ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასის საკითხი, თუმცა მას შემდგომ, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ და ამ კვალიფიკაციას უნდა მიჰყვეს ხელფასების ზრდა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში შეფასება უნდა მოხდეს და არა ტესტირება ან გამოცდა. შეფასების რამდენიმე ინსტრუმენტია, რომ ადამიანის კვალიფიკაცია შეფასდეს. მე ვფიქრობ, ეს სტრესული არ უნდა იყოს. თავისთავად შეფასების ფორმატები სხვადასხვაა და არასტრესულ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში”, – განაცხადა გვანცელაძემ დღეს, 29 იანვარს საკრებულოში, “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციასთან გამართულ შეხვედრაზე,
გვანცელაძის აზრით, მასწავლებლების ხელფასი თანაბარი არ უნდა იყოს და ხელფასის რანჟირება სერტიფიცირებით უნდა მოხდეს.
“მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს თანაბარი ანაზღაურება იმიტომ, რომ ზოგიერთ მასწავლებელს აქვს უმაღლესი კვალიფიკაცია, ზოგიერთ მასწავლებელს აქვს შედარებით განსხვავებული კვალიფიკაცია. ამიტომ ხელფასების რანჟირება უნდა მოხდეს და ალბათ, ეს არის სერტიფიცირების საკითხი. ამ ეტაპზე ამას სკოლებში ახორციელებს სამინისტრო. ანალოგიური ტიპის ქმედებები ჩვენც უნდა განვახორციელოთ ბაღებში, რაც არის არსებითი და მნიშვნელოვანი”, – ამბობს გვანცელაძე.
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები კითხვა-პასუხის რეჟიმში კამათობდნენ. გვანცელაძეს შეკითხვები დაუსვევს ბაღებში არსებულ ნეპოტიზმზეც, რაზეც მან განაცხადა, რომ კონკრეტული ადამიანების მიღების საკითხით დაინტერესდება.
კამათის საგანს წარმოადგენდა ბაღში ბავშვების კვებაც, საკრებულოს წევრები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ დღიური კალორაჟი შემცირდა და მშობლები უკმაყოფილონი არიან, გვანცელაძე კი მათ უფრო გაფართოებულ შეხვედრას სთავაზობდა, სადაც ნუტრიციოლოგი, ჯანდაცვის სამინისტროს და “იუნისეფის” წარმომადგენლები დაესწრებიან. მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
კამათის საგანს ასევე წარმოადგენდა გვანცელაძის ანაზღაურება და ბაღებში გადასახადის დაწესების საკითხიც, რაზეც მან განაცხადა, რომ გადასახადის დაწესების საკითხის შესახებ მსჯელობაზე ის უშუალოდ ჩართული არ არის.