ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღის მასწავლებლების კვების საკითხი უნდა დარეგულირდეს, თუმცა, კონკრეტულად, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ბაღის მასწავლებელთა კვება, პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.
ბაღის მასწავლებელთა კვების შესახებ გვანცელაძეს დღეს, 29 იანვარს, თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს შეკითხვა. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების შესახებ სასაუბროდ შეხვდნენ. მათი განცხადებით, ამჟამად მასწავლებლები იმ საკვებით იკვებებიან, რაც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გვანცელაძეს ჰკითხეს, გაგრძელდება თუ არა ეს პრაქტიკა, რაზეც მან უპასუხა:
“ძალიან აქტუალური თემაა და როგორც კი მოვედი [თანამდებობაზე], ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ეს. მე პირადად ვმუშაობ ამ საკითხზე, ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაგაცნობთ კონცეფციას ამასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
თბილისის მერიას საბავშვო ბაღებში კვების უზრუნველსაყოფად ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს, რომელზეც შეთავაზებების მიღება 31 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერი მხოლოდ ბავშვთა კვების უზურუნველსაყოფადაა გამოცხადებული და მასწავლებელთა კვება გათვალისწინებული არაა.
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები კითხვა-პასუხის რეჟიმში კამათობდნენ. გვანცელაძეს შეკითხვები დაუსვევს ბაღებში არსებულ ნეპოტიზმზეც, რაზეც მან განაცხადა, რომ კონკრეტული ადამიანების მიღების საკითხით დაინტერესდება. კამათის საგანს წარმოადგენდა ბაღში ბავშვების კვებაც, საკრებულოს წევრები აპელირებდნენ იმ გარემოებაზე, რომ დღიური კალორაჟი შემცირდა და მშობლები უკმაყოფილონი არიან, გვანცელაძე კი მათ უფრო გაფართოებულ შეხვედრას სთავაზობდა, სადაც ნუტრიციოლოგი, ჯანდაცვის სამინისტროს და “იუნისეფის” წარმომადგენელი დაესწრებიან. მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ. კამათის საგანს ასევე წარმოადგენდა გვანცელაძის ანაზღაურება და ბაღებში გადასახადის დაწესების საკითხიც, რაზეც მან განაცხადა, რომ გადასახადის დაწესების საკითხის შესახებ მსჯელობაზე ის უშუალოდ ჩართული არაა.