ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციის გაცემა შსს-ს სააპელაციომაც დაავალა

26 იანვარი, 2018 • 2750
ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაციის გაცემა შსს-ს სააპელაციომაც დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალდებულებდა გაეცა ინფორმაცია, ძალადობდა თუ არა რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი ოჯახში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შსს-ს სთხოვდა მიეწოდებინა ინფრომაცია იმის შესახებ, იყო თუ არა რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაცემული.

“ჩვენ ვითხოვდით კონკრეტულად, ვინც იყო იმ მომენტში პოლიტიკური თანამდებობის პირი, მაგალითად, პარლამენტის ან მთავრობის წევრი და ყველა სხვა, ვინც ამ სტატუსით სარგებლობს, მათზე ოდესმე გაცემულა თუ არა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. ამ მოთხოვნით შსს-ს ჩვენ მივმართეთ 2016 წლის 4 თებერვალს და შემდგომ, მარტში. მაგრამ შსს-მ უმოქმედება გამოიჩინა და არ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია” – ამბობს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შსს-მ მიიჩნია, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ ინფორმაციას, რის საფუძველზეც მის გაცემაზე უარი თქვა.

არგანაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, არიან თუ არა მოძალადეები პირები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავენ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გმაომდინარე  შსს-ს აღნიშნული ინფორმაციის ორგანიზაციისთვის გაცემა დაავალა. თუმცა, უწყებამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი წააგო.

ჯერჯერობით უცნობია, მიმართვს თუ არა შსს მესამე ინსტანციის სასამართლოს. ამ კითხვით “ნეტგაზეთი” უწყებას დაუკავშირდა. შსს-ს პოზიციას “ნეტგაზეთი” მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი