ახალი ამბები

შსს: იანვარში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს

26 იანვარი, 2018 • 1902
შსს: იანვარში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრის თვეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 14 ადამიანი. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა  ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში და ახალქალაქის ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 9 თვის დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის დანაშაული გაზრდილია წინა წელთან შედარებით. 2017 წლის 9 თვის განმავლობაში 1439  ოჯახში ძალადობის დანაშაულია რეგისტრირებული. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 2017 წლის 9 თვის მონაცემი აღემატება 2016 წლის 12 თვის მონაცემს. 2016 წელს, მთელი წლის განმავლობაში, 83-ით ნაკლები ოჯახში ძალადობის დანაშაული მოხდა, ვიდრე 2017 წლის 9 თვეში. 2017 წლის დანაშუალის სტატისტიკა შსს-ს სრულად ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ოჯახში ძალადობის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა შინაარსის დანაშაულის გახსნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. მათ შორისაა ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირი, რომელიც უწყების ცნობით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა, თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა მოქალაქეს, სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს ინფორმაციით, გახსნილია ხაშურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიც, რომლის ფარგლებშიც 4 პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, გახსნილია ქურდობის 5 ფაქტი. მათ შორის, ბათუმში – 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი. 

რაც შეეხება ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღს, უწყების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველებმა კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 ცალი საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი და სხვა სახის იარაღი ამოიღეს.

უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა მოდელის 3 პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, სხვადასხვა ტიპის 17 ხელყუმბარა, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 344 ვაზნა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 2 დეტონატორი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი