ახალი ამბები

2017 წლის 9 თვე – გაზრდილია ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, საერთო დანაშაულის კი, შემცირებულია

18 იანვარი, 2018 • 4078
2017 წლის 9 თვე – გაზრდილია ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, საერთო დანაშაულის კი, შემცირებულია

2017 წლის 9 თვის მონაცემით, საქართველოში დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია. იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტირებული დანაშაულის სტატისტიკა “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. 2017 წლის 9 თვის მონაცემი შევადარეთ 2016 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს.

2017 წლის 9 თვეში საქართველოში 27 568 დანაშაული მოხდა. ეს რიცხვი 278-ით ნაკლებია 2016 წლის 9 თვეში მომხდარ დანაშაულთან შედარებით. საქსტატის თანახმად, 2016 წელს პირველ სამ კვარტალში (იანვარი- სექტემბერი) სულ რეგისტრირებული იყო 27 846 დანაშაული.

რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა
Infogram

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის საერთო რაოდენობა შემცირებულია, გაზრდილია ოჯახში ძალადობის მაჩვნებელი. 2017 წლის 9 თვის განმავლობაში 1439 ოჯახში ოჯახში ძალადობის დანაშაულია რეგისტრირებული. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 2017 წლის 9 თვის მონაცემი აღემატება 2016 წლის 12 თვის მონაცემს. 2016 წელს, მთელი წლის განმავლობაში 83-ით ნაკლები ოჯახში ძალადობის დანაშაული მოხდა, ვიდრე 2017 წლის 9 თვეში.

2017 წლის 9 თვეში ოჯახში ძალადობის საქმეზე გაცემულია 3 137 შემაკავებელი ორდერი. ჯამში შემაკავებელი ორდერები მთელ საქართველოში 5 843 პირზეა გაცემული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ რაოდენობრივი სხვაობა რეგისტრირებულ რაოდენობასა და შემაკავებელი ორდერების რაოდენობას შორის, ერთსა და იმავე შემთხვევაზე დანაშაულის განმეორებას უკავშირდება.

ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული რაოდენობა
Infogram

“ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ძალადობის სახეების შესახებ სტატისტიკაც გამოითხოვა. ყველაზე ხშირად 2017 წელს ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები მოხდა, რასაც მოსდევს ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და ეკონომიკური ძალადობა.

ძალადობის სახეების სტატისტიკა 2017 წლის 10 თვე
Infogram

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად საკუთრების წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს. საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოიცავს ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, თაღლითობას, გამოძალვას, ნივთის დაზიანება და სხვა.  მას მოსდევს დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რაც მოიცავს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალდობას, ცემას და სხვა. რაოდენობრივად კი მესამე ადგილიზე ნარკოტიკული დანაშაულია. 2016 წელსაც ყველაზე ხშირად ამ სახის დანაშაულები ხდებოდა.

სამი სახის ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა
Infogram

2017 წლის დანაშაულის დეტალური სტატისტიკა იხილეთ ინფოგრაფიკაზე. ინფოგრაფიკი ზემოთა ველზე დაკლიკებით იცვლება სლაიდები და მონაცემები. აქ ნახავთ სტატისტიკურ ინფორმაციას, განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის, გაუპატიურობის, ქურდობის, ყაჩაღობის და სხვა დანაშაულებების შესახებ.

დანაშაულის სახეობა და რაოდენობა 2017 წლის 9 თვის მანძილზ
Infogram

მასალების გადაბეჭდვის წესი