მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლი, თუბა ჩაბუქი ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
დღეს, 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.
“არ გამკვირვებია ეს გადაწყვეტილება. დემოკრატიული სასამართლო რომ ყოფილიყო, ჩემი მეუღლე თავისუფალი იქნებოდა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე, რათა ჩემი მეუღლის უდანაშაულობა დამტკიცდეს, ვინაიდან ის უდანაშაულოა,”- განაცხადა თუბა ჩაბუქმა ჟურნალისტებთან საუბრისას სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
კითხვაზე, გრძნობენ თუ არ თვითონ და თავისი შვილები თავს უსაფრთხოდ ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ, თუბა ჩაბუქმა განაცხადა, რომ საქართველოში უსაფრთხოდ არიან.
“თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მოხდება, იძულებული გავხდები, ჩემ შვილებთან ერთად თურქეთში წავიდე. აქ, რა თქმა უნდა, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. მირჩევნია, საქართველოში ვიყოთ, სწორედ ამიტომ მივმართეთ ლტოლვილის სტატუსზე. თურქეთში წასვლა მიუღებელია, ეს საშინელი რამ იქნება,”- განაცხადა თუბა ჩაბუქმა.