ახალი ამბებისაზოგადოება

ძაღლისა და კატის მოვლა თბილისში

25 იანვარი, 2018 • 5071
ძაღლისა და კატის მოვლა თბილისში

ზოგიერთი ჯიშის ზრდასრული ცხოველისთვის თვეში ერთხელ დაბანა და ბეწვის შესწორება აუცილებელია. პროცედურების სიხშირე ცხოველის ჯიშსა და ასაკზეა დამოკიდებული. თბილისში ამ და სხვა მომსახურების მისაღებად სპეციალურად ძაღლებისა და კატებისთვის განკუთვნილი რამდნეიმე სალონი არსებობს, სადაც პროფესონალი გრუმერები ცხოველს ჯიშისა და ბეწვის სტრუქტურის მიხედვით შეურჩევენ ვარცხნილობას.

როგორც ერთ-ერთი ასეთი სალონის, Groom.ge-ს მენეჯერი, კატო ქარცივაძე ამბობს, ამ სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კატოს თქმით, სალონი, სადაც მუშაობს, 2017 წლის პირველ სექტემებრს გაიხსნა. გახსნასთან დაკავშირებით  პირველი ორი დღის განმავლობაში სერვისი უფასო იყო, რა დროსაც სალონი 37 ცხოველს მოემსახურა:

“ძირითადად გავრცელებული ჯიშები საქართველოში, ვინც გრუმინგზე მოდის, არის კოკერსპანიელები, იორკშირული ტერიერები, შიცუ, შპიცი, პუდელები. ძირითადად ამ ჯიშის ძაღლებია. ძალიან ცოტა, მაგრამ დადიან ვესთ ჰაილენდ ვაით ტერიერები, ქათქათა თეთრი ძაღლია საკმაოდ უხეში ბეწვით. სტანდარტული ფასი ამ ჯიშის ძაღლებისთვის არის 49 ლარი, რაც თვითონ შეჭრის საფასურია და, როგორც ბონუსი, მოჰყვება დაბანა, ბრჭყალების შეჭრა და ყურების გაწმენდა, თუ პატრონს აქვს ამის სურვილი. ძირითადად სრული კომპლექტია” – ამბობს კატო.

კატოს თქმით, ზოგიერთი ჯიშის ზრდასრული ძაღლისთვის თვეში ერთხელ ბეწვის შესწორება და დაბანა აუცილებელია. არასწორად ჩატარებულმა პროცედურებმა კი შეიძლება ცხოველის ჯანმრთელობა დააზიანოს:

“სხვადასხვა ჯიშს სხვადასხვა სტანდარტი აქვს ასაკის მიხედვით. ეს არ არის, უბრალოდ, სურვილზე დამოკიდებული, ეს არის ბეწვის სტრუქტურიდან გამომდინარე და ცხოველის ჯიშიდან გამომდინარე. არის ისეთი ძაღლები, რომლებსაც ერთ წლამდე თუ შეკრიჭავ, შეიძლება ალოპეცია დაემართოს. ალოპეცია არის თმის გაცვენა, რის შემდეგაც ბეწვი აღარ ეზრდებათ, რაც ჯანმრთელობას უკვე საფრთხეს უქმნის. სიფრთხილე სჭირდება, ცხოველი ყოველთვის მოძრაობს, შეიძლება გაიჭრას, თუმცა, თუ პატრონს ეხერხება, შეიძლება თავისითაც შეჭრას, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ვიზუალურ მხარეს აფუჭებს.

ბევრი პატრონია, ნება რომ მისცე, სულ გააშიშვლებს ძაღლს და ბეწვის გარეშე ეყოლება, რაც საფრთხეს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას. შეიძლება ჰორმონალური დარღვევა დაიწყოს იმის გამო, რომ ძაღლს ბეწვის საფარველი არ აქვს და სცივა, თბორეგულაცია ერღვევა და ნელ-ნელა იწყება გართულებები. თუმცა, თუ ადამიანს ეხერხება და იცის, როგორ გააკეთოს, ამის წინააღმდეგი არავინაა” – ამბობს კატო.

ძაღლების გარდა სერვისის მიღება კატების მეპატრონეებსაც შეუძლიათ.

“კატებიც მოჰყავთ ძირითადად გადასაპარსად ზაფხულში. სპარსულები და ორიენტალები, ძალიან გრძელბეწვიანი ან უხეშვბეწვიანი, ძალიან მსუქანი ფისოები, რომლებსაც დაბალი ბეწვი აქვთ, მაგრამ ისიც აწუხებს სიცხის გამო.ზოგადად დაბანას რაც შეება, პატრონზეა დამოკიდებული. თვეში ერთხელ უნდა დაიბანოს კატა, მაგრამ ამაზე მეტი არ შეიძლება იმიტომ, რომ ირღვევა  კანის საფარველი. ცხიმის ფენა, რომელიც იცავს კანს,  თავისთავად ირეცხება და ვერ აღდგება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის ცხოველს.

კატების გაპარსვა ღირს ჩვენთან 39 ლარი, მაგრამ უფრო სახიფათო საფრთხეა, ვიდრე ძაღლების შეკრეჭა. ხშირად მოჰყავთ დასაბანად, ბრჭყალების შესაჭრელად. ჩვენ გვაქვს სპეციალური რეზინის ჩამოსაცმელი ბრჭყალებზე, რომ არ დაკაწროს სახლში ნივთები და ხშირად მოჰყავთ ამისთვის” –  ამბობს groom.ge-ს მენეჯერი.

მიკედლებული ძაღლებისა და მეტისებისთვის სალონში ფასდაკლება მოქმედებს. კატოს თქმით, თუ კავკასიური ნაგაზის დაბანის ფასი 120 ლარია, იმავე ზომის ქუჩიდან აყვანილი ძაღლისთვის ეს პროცედურა 50 ლარი ღირს.

“გარდა ამისა, რითაც ვამაყობ, გვაქვს კარგი სერვისი მეტისი და შეფარებული ძაღლების გრუმინგი, რაც ფასებითაც და სერვისითაც სრულიად განსხვავდება ჯიშიანი ძაღლებისგან. ქუჩიდან აყვანილი ძაღლს 50% ფასდაკლებას ვუკეთებთ ყველაფერზე.  ხშირად არის, რომ გვირეკავენ, ძაღლი შეიფარეს და მისი გრუმინგი უნდათ. ჩვენ მოგვყავს და უფასოდ ვბანთ, ვალამაზებთ.

თავშესაფრიდან  რომ იყვანს ადამიანი ცხოველს, იმავე დღეს უფასოდ ვემსახურებით, რაც სჭირდება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სუფთა წაიყვანოს სახლში. აგრეთვე, გასაჩუქებულ ცხოველებზეც. ყველანაირად გვინდა ხელი შევუწყოთ ქუჩის ძაღლებს და კატებს, ახალი პატრონი იპოვონ და თბილად იყვნენ ზამთარში” –  ამბობს groom.ge-ს მენეჯერი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი