ახალი ამბები

გახარია: ჰუმანური ნარკოპოლიტიკა გამოსავალია, გასაღებაზე მიდგომები შესაძლოა გამკაცრდეს

22 იანვარი, 2018 • 2163
გახარია: ჰუმანური ნარკოპოლიტიკა გამოსავალია, გასაღებაზე მიდგომები შესაძლოა გამკაცრდეს

“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი” – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ,დღეს, 22 იანვარს, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოზე გააკეთა.

როგორც გახარია განმარტავს, ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება სერიოზული რისკების შემცველია და ამ მიმართულებით მიდგომები შესაძლოა გამკაცრდეს, თუმცა, მისივე თქმით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა პრობლემის მოგვარების ერთადერთი საშუალებაა.

“ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება – აქ ჩვენ რეალურად ვხედავთ სერიოზულ რისკებს და ვთვლით, რომ აქ მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, არამედ, რიგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს გასამკაცრებელი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული. ძირითადი ამოცანა ნარკოპოლიტიკის უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა, უპირველეს ყოვლისა, და რეაბილიტაცია” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭო გაიმართა. საბჭოს სხდომა გიორგი გახარიას ინიციატივით შედგა მას შემდეგ, რაც 17 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თეა წულუკიანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე გაეაქტიურებინა საბჭო, ვინაიდან, მისი შეფასებით, გადაწყვეტილების მიღების გაწელვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უკურეაქციას იძლევა.

საბჭოზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის მინისტი, თეა წულუკიანიც. მისი თქმით, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა მაქსიმალურად ორიენტირებული  უნდა იყოს როგორც მომხმარებლების, ასევე არამომხმარებლების დაცვაზე.

“მზად ვართ, რომ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკა იყოს ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად დაბალანსებული, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე ავსახოთ კონსტიტუციაში, მაგრამ წავიდეთ კიდევ უფრო შორს, თუ ამაზე თანხმობა იქნება, იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, ვინც არ არის მომხმარებელი, იმისგან, რომ არ გახდნენ ისინი მომხმარებლები მომავალში. ვებრძოლოთ იმათ, ვისაც სალაპარკო ენაზე “გამსაღებლებს” ვეძახით, რომ წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია, იმიტომ, რომ მათ ძალიან ბევრი სერვისი სჭირდებათ იმისთვის, რომ შეძლონ მკურნალობა” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი