ახალი ამბები

მუსტაფა ჩაბუქი: ჩემი ციხეში ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

22 იანვარი, 2018 • 1903
მუსტაფა ჩაბუქი: ჩემი ციხეში ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

“ჩემი აქ ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია არც საქართველოში, არც თურქეთში” –  განაცხადა 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დემირელის სკოლის ყოფილმა მმართველმა მუსტაფა ჩაბუქმა, რომელიც წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან არავითარი კავშირი აქვს და იდევნება მხოლოდ იმიტომ, რომ ფეთულა გიულენის იდეებს იზიარებს.

“17 წელია საქართველოში ვმუშაობ. არც საქართველოში, არც თურქეთში ცუდი არ გამიკეთებია. მასწავლებელი ვარ… ყოველთვის მიყვარდა მასწავლებლის საქმიანობა. თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობასთან არავითარი შეხება არ მქონია, მაშინ საქართველოში ვიყავი. საქართველოში ეს ამბავი ტელევიზიიდან შევიტყვე,”- განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში სამასწავლებლო საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს – “მიყვარს საქართველო, წლებია აქ ვასწავლი და მეგობრები მყავს. აქ ცხოვრებას და მუშაობას ვაპირებ”. მანვე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უმასპინძლა და დააპურა ასობით ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა.

სიტყვით გამოსვლისას ჩაბუქმა გამოთქვა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში ცუდად და შეურაცხმყოფლად მოეპყრობიან.

“იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლოში ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ამ ყველაფერს ამაცილებს,”- განაცხადა ჩაბუქმა.

მუსტაფა ჩაბუქს თურქეთის ხელისუფლება ბრალს დებს “ტერორისტული ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობისთვის ხელის შეწყობაში.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ხელოსუფლებისგან ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. სამინისტრომ მას ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სარჩელს იხილავს მოსამართლეთა კოლეგია შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით.

22 იანვარს გამართულ სხდომაზე მხარეებმა – როგორც ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე ჩაბუქის ოჯახის ადვოკატმა- საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. ლტოლვილთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩებუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და ის სააპელაციო სასამართლომ არ უნდა გააუქმოს. ადვოკატი კი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება არგუმენტირებული არაა, მოსამართლეს საერთოდ არ უმსჯელია დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი