როგორც დღეს, 21 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ბურჯანაძის პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რეგიონებში “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების და მათ შორის “თავისუფალი დემოკრატების რიგებს წევრები მასობრივად ტოვებენ და “დემოკრატიულ მოძრაობას” უერთდებიან, სიმართლეს არ შეესაბამება:
“სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდით ამ საკითხზე განცხადებების ან დამატებითი განმარტებების გაკეთებას, მაგრამ ვინაიდან დღეს მიმდინარეობს არასწორი პროპაგანდა “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით თავისუფალ დემოკრატებთან მიმართებაში, რომ თითქოს რეგიონებში პარტიის წარმომადგენლები პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურებეს ტოვებენ, მინდა განვმარტო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. დარწმუნებული ვარ, რომ ბურჯანაძის პარტიის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები აუცილებად გავრცელდება მომავალშიც, იმიტომ, რომ ეს არის მათი პიარის ნაწილი… ისინი ფიქრობენ, რომ ამით უფრო მეტ შედეგს მიაღწევენ არჩევნებში და ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას და ამომრჩეველს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ბინძური კამპანია, რომელიც სათავეს იღებს ნაციონალური მოძრაობიდან და სწორედ ნაციონლაური მოძრაობის ძალიან “ღირსეული” წარმომადგენელი გახლდათ ქალბატონი ბურჯანაძე იმ წლების განამვლობაში და აქედან გამომდინარე ის აგრძელებს ამ ტიპის მუშაობას”, – განაცხადა აბაშიძემ.
“დემოკრატიული მოძრაობა“ ოფიციალურად ადასტურებს ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის მხარდასაჭერად „დემოკრატიულ მოძრაობაში“ და საარჩევნო შტაბებში სხვა პოლიტიკური ძალებიდან გადმოსული მხარდამჭერებისა და აქტივისტების შესახებ.
როგორც ბურჯანაძის პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება და პატივს სცემს ყველა იმ ადამიანის პოზიციას, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭირონ ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში.
“ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი პარტიის წევრთა წინაშე, რომლებმაც დაარსების დღიდან საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების რისკის ფასად, მაშინ, როდესაც ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრობა პრაქტიკულად დაპატიმრების სანქციის ტოლფასი იყო, მიიღეს გადაწყვეტილება და გახდნენ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები. ასეთი ჩვენს პარტიას 30 000 რეგისტრირებული წევრი ჰყავს, თუმცა ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი რაოდენობის მიერ ბოლო პერიოდში გამოცხადებული ნდობა და მხარდაჭერა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და დასაფასებელია ნებისმიერი ჩვენი თანამემამულის პოზიცია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბურჯანაძის პარტიამ გაავრცელა.
