პატრიარქმა რუსული მედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, სტალინი მორწმუნე იყო, ასევე გამოჩენილი პიროვნება, რომლის მსგავსნიც იშვიათად იბადებიან. მან ასევე თქვა, რომ სტალინის გარდაცვალებისას, იგი სემინარიის სტუდენტი იყო და საბჭოთა ლიდერის დასაფლავებისას იტირა.

“რახან პატრიარქმა თქვა, რომ ის მორწმუნე იყო, ესე იგი ეს ასეა”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და “ბათუმელებთან” საუბარში ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქს და სტალინს უკავშირდება:
“უწმინდესმა ერთხელ მკითხა, ხომ არ ვიცოდი სვეტლანას [ალილუევა], სტალინის ქალიშვილის ადგილსამყოფელი. უწმინდესს აწუხებდა მისი სულიერი მდგომარეობა. საბოლოო ჯამში, მისი ადგილსამყოფელი დავადგინეთ, თუმცა თვითონ სვეტლანამ არ მოინდომა ურთიერთობა უწმინდესთან. ეს იყო დაახლოებით 2004–2005 წელი. რახან უწმინდეს ასე ამბობს, მე არ გამოვრიცხავ, რომ სტალინი მორწუმენეც კი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისებურად ესმოდა ეს მორწმუნეობა…”, – ამბობს ლეიბორისტების ლიდერი.
“სტალინის შექმნილია თანამედროვე მსოფლიო მართლწესრიგი გაეროს ჩათვლით. სტალინის განადგურებულია ფაშიზმიც, რა თქმა უნდა, ისევე როგორც იოსებ სტალინის მიერაა განდგურებული პოლიტიკური ოპოზიცია და სხვა საკითხები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია. სტალინის პიროვნება არის ისტორიული და არ შეიძლება ისტორიულ პიროვნებაზე ან ნეგატიური ვთქვათ ან პოზიტიური – ის არის კომპლექსური მოვლენა”, – აცხადებს ნათელაშვილი.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ სტალინის პიროვნება ძალიან წინააღმდეგობრივია:

“თუ გამოვალთ იმ მოცემულობიდან, რომ სწორედ სტალინის მხედარმთავრობით საბჭოთა კავშირმა მოკავშირეებთან ერთად დაამარცხა გასული საუკუნის და, მე ვიტყოდი, რომ ზოგადად კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ჭირი ფაშიზმისა და ნაციზმის სახით. ეს ამ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენა მსოფლიოს ისტორიისთვის. რაც შეეხება მართვის მეთოდებს და მათ შორის საქართველოს მიმართ სტალინის მიერ გატარებულ პოლიტიკას და გადადგმულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ყველა ქართველს, ვისაც ორი წიგნი მაინც წაუკითხავს და აქვს ობიექტური ანალიზის უნარი, აქვს სრული საფუძველი იმისათვის, რომ იყოს ძალიან კრიტიკული სტალინის საქმიანობის მიმართ. ამდენად, მისი პიროვნება არის ძალიან წინააღმდეგობრივი და არ შეიძლება მხოლოდ ცალმხრიავად მისი შეფასება”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე და სტალინს ტირანს უწოდებს: “რა თქმა უნდა, ის იყო ტირანი… ზოგადად ეს ტირანების ეპოქა იყო და არც სტალიანია გამონაკლისი”.
გიორგი თარგამაძე არ ფიქრობს, რომ პატრიარქის შეფასება სტალინის მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითი იყო, შესაბამისად, იგი თავს იკავებს გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, იყო თუ არა სწორი პატრიარქის ეს განცხადება:
“მოდით, ობიექტურობა შევინარჩუნოთ: პატრიარქმა თქვა, მის ხელით არსებული დოკუმენტური მასალებით მტკიცდება, რომ სტალინი ბოლო წლების განმავლობაში დაუბრუნდა რწმენას და ეკლესიასთან მისი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შუაში ყველას ახსოვს ისტორიული ფაქტები, რომ ყაზანის ღვთისმშობლის ხატით მიუძღვოდნენ წინ საბჭოთა არმიებს გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ისტორიული ფაქტია და ეს აღნიშნა მისმა უწმინდესობამ. ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგი იყო ან ცუდი იყო, ან პატრიარქი უყურებს ამას დადებითად, ეს არის ისტორიული ფაქტი “– აღნიშნა ქდმ–ს ლიდერმა.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი, უპარტიო კანდიდატი ნესტან კირთაძე, რომელიც ისტორიკოსია, ამბობს, რომ მალე გამოვა მისი წიგნი, რომელიც სტალინის შესახებ ახალ დისკუსიის საფუძველი გახდება.
“ბევრ საინტერესო და ჯერ ადამიანებისაგან თვალით უხილავ დოკუმენტს გამოვაქვეყნებ სტალინისა და ეკლესიის დამოკიდებულების საკითხთან დაკავშირებით. ეს მართლაც უნიკალური საარქივო მასალაა, რომელიც მე მოვიძიე საპატრიარქოს არქივში”, – აცხადებს კირთაძე.
მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც პატრიარქმა საბჭოთა ლიდერის მიმართ გამოამჟღავნა, საზოგადოებამ არ უნდა აღიქვას, როგორც ეკლესიის მეთაურის დამოკიდებულება ვინმეს კულტის ან კერპის მიმართ:
“საქართველოს პატრიარქის დამოკიდებულება სტალინისადმი არავის არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ეს არ არის კულტისადმი, ან კერპისადმი დამოკიდებულება. სტალინმა მართლაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 1943 წელს, როდესაც აღადგინა საპატრიარქო ინსტიტუცია მოსკოვსა და რუსეთში, და ეს აღდგენილი პატრიარქი შემდეგ გამოაგზავნა საქართველოში იმისათვის, რომ მას ეღიარებინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამ კუთხით უყურებს ხოლმე პატრიარქი სტალინის დამოკიდებულებას და მის როლს. პატრიარქს და მე ძალიან ხშირად გვქონია ამ თემებზე საუბარი”.

“ბავშვობაში მე საერთოდ სტალინისტი ვიყავი, მამა – კასპელი, დედა – გორელი, და როცა დავიბადე და თვალი გავახილე, სტალინის სურათი სახლში გვეკიდა. რა თქმა უნდა, სტალინი იყო ტოტალიტარული რეჟიმის ხელმძღვანელი და, ბუნებრივია, ტოტალიტარული რეჟიმი ნებისმიერი ფორმით და სახით, მათ შორის მასობრივი მკვლელობების გამო, ჩემთვის მიუღებელია”, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი “ხალხის პარტიიდან” კობა დავითაშვილი.
კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ დღეს სტალინის დადებით კონტექსტში ხსენება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1950–იანი წლების ბოლოში შექმნილი ინერციის გამოძახილია, როდესაც სტალინის კულტის დამხობის გამო მისი სახელი და ქართველობა უცნაურად შეერწყა ერთმანეთს.
“1956 წლის მოვლენების შემდეგ სტალინის სახელი ასოცირდა ქართველობასთან და საქართველოსთან, რასაც ისტორიული წინაპირობა შეიძლება ნაკლებად ჰქონდა, რადგან, რა თქმა უნდა, სტალინი ქართველი მოღვაწე არ იყო და ის რუსი მოღვაწე იყო, ამას თვითონვე აღნიშნავდა, თუმცა ბევრი ქართველისთვის სტალინის კულტის დამხობა ეროვნული შეურაცხყოფა იყო. საქართველოს ისტორიაში ასეთი უცნაური ფაქტი არსებობს, რომ ქართული ნაციონალიზმი და სტალინის სიყვარული ერთმანეთს შეერწყა… ეს არაბუნებრივი იყო, მაგრამ ეს იყო. ეს დღემდე რჩება ძალიან ბევრ ადამიანში…
მე მგონია, რომ ეს არის გამოძახილი იმ ინერციისა, რომელიც არსებობს ჯერ კიდევ. ეს ინერცია შესუსტდა, მაგრამ მაინც არსებობს. ჩვენი პატრიარქიც იმ თაობის ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც ეს მომენტი ახსოვს, როდესაც სტალინი და ქართველობა გაიგივებული იყო. სტერეოტიპები დიდი ხნით არსებობენ და დიდი ხნის სიცოცხლე ახასიათებთ. მე მშვიდად ვუყურებ ამ ამბავს, როგორც წარმავალს. გავა დრო და მოხდება ამის გადაფასება. ისტორია უკეთ განსჯის”, – აღნიშნავს იგი.
![]() | ![]() | ![]()
|
მასალის მომზადების პერიოდში ამ საკითხებზე სასაუბროდ “ბათუმელები” დაუკავშირდა პრეზიდენტობის კანდიდატების გიორგი მარგველაშვილის, ნინო ბურჯანაძის და დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბებს. ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბაქრაძე საარჩევნო კამპანიის გამო დაკავებულია და ჩვენთან საუბარს ვერ მოახერხებს, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს, ხოლო მარგველაშვილის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი მიიჩნევს, რომ ეს თემა მისთვის საინტერესო და აქტუალური არ არის, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.








![რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ავლაბრის რეზიდენციის შენობას [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000015194.jpg)



