ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობას, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებას შსს-ში ახალი დეპარტამენტი გაუწევს მონიტორინგს. უწყება ვაკანსიით ეძებს ახალი დეპარტამენტის თანამშრომლებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას 12 იანვრის ბრძანებით შექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ასევე შეამოწმებს, თუ როგორ მიმდინარეობს ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს. დეპარტამენტს ჰყავს დირექტორი და მოადგილე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპარტამენტის შექმნის შესახებ გასული წლის დეკემბერშიც ისაუბრა, როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტში იმყოფებოდა:
“ხაზი მინდა გავუსვა შინაგან საქმეთა სმაინისტროში ადამიანის უფლებების ზრუნვის კომპონენტს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ნაწილში გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებების ნაწილში… ვფიქრობთ, რომ ეს დეპარტამენტი დროებითი იქნება, სანამ შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის რეფორმირება სრულად არ დასრულდება. ეს სპეციალური სტრუქტურა იზრუნებს ისეთი ტიპის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასწრულწლოვნების დანაშაული და ა.შ”, – განაცხადა გახარიამ.
დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. შსს-ს ცნობით, პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
დეპარტამენტს ამჟამად არც დირექტორი და არც დირექტორის მოადგილე ჰყავს. შსს-ში აცხადებენ, რომ დირექტორს გამოცხადებული ვაკანსიით შეარჩევენ. ამჟამად უწყებას გამოცხადებული აქვს კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. სულ 10 ვაკანსიაა გამოცხადებული, განცხადების წარდგენის ვადა 27 იანვარია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევბზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები უკვე წლებია საუბრობენ საგამოძიებო ორგანოებში ამგვარი დეპარტამენტის შექმნის აუცილებლობაზე.