ამის შესახებ შსს სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს:

 
“დღეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები ნდობას არ იმსახურებს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების რეალურ სურათს არ ასახავს, სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ სტატისტიკის ეროვნული ბიუროსთვის მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მონაცემებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დანაშაულს სრულად ითვლის. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული იქნა 7 თვის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, 2013 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს ინფორმაციით, დანაშაულის კლება და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, რომელიც ასახულია მონაცემებში, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არის მოტივირებული და ეფექტურად მუშაობს.

“პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული და შეურაცხმყოფელი განცხადებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გამიზნულად არ ხდება. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”, – ნათქვამია შსს-ს მოერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას არ ენდობა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სპეციალური ტელემიმართვის დროს ისაუბრა:  “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას აღარ უნდა ვენდოთ. მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში პირველად მიხდება იმის კონსტატირება, რომ, სამწუხაროდ, აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. პროკურატურის მონაცემები არ ემთხვევა პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ გაფილტრულ და გაყალბებულ მონაცემებს. საქართველოში დანაშაულის ზრდის ტენდენციაა, არის მძიმე დანაშაულის ზრდის ტენდენცია”.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *