ახალი ამბები

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

18 იანვარი, 2018 • 2678
EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება 31 იანვრამდე გადადო.

ნენსკრაჰესი თავისი დაფინანსების დიდ ნაწილს – 1.040 მილიარდი აშშ დოლარის 70%-ს სწორედ საბანკო სესხებიდან ელის. მათ შორის, 214 მილიონი ლარის ოდენობით სესხს ითხოვს EBRD-ისგან, რომლის დირექტორთა საბჭომ ამ საკითხის განხილვა გადადო.

“გადავადება ნიშნავს იმას, რომ სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და, შესაბამისად, სწორედ 31 იანვარს უნდა იმსჯელოს ბანკმა, მისცეს თუ არა ნენსკრას მშენებლობისთვის. არა მარტო ამ ბანკის, სხვა სამი ბანკის სესხების გარეშე ეს პროექტი უბრალოდ ვერ განხორციელდება, ამიტომ სესხის გადადება ნიშნავს ავტომატურად მშენებლობის დაწყების გადადებას,”- გვეუბნება “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.

როგორც დავით ჭიპაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, EBRD-ს ჯერ აპრილში, შემდეგ სექტემბერში, შემდეგ კი იანვრის 17-ში უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა კვლავ გადაიდო 31 იანვრამდე. ინფორმაცია, თუ რატომ გადაავადა ბანკმა გადაწყვეტილების მიღება, საჯარო არ არის.

“იმ ფაქტს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში პროექტის გადადება ხდება, სხვადასხვა მიზეზები აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის როგორც მოსახლეობის კოლექტიური წერილები, ასევე- პროტესტი, მოსახლეობის მიერ შეტანილი მთელი რიგი საჩივრები. ეს აჩვენებს იმას, რომ კვლევები, რომელზე დარყრდნობითაც ამ პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, არ იყო და არ არის საკმარისი… მიგვაჩნია, რომ შეიძლება ეს არ არის გადადების მიზეზი, ან შეიძლება არის კიდეც, უბრალოდ, ამის თაობაზე ინფორმაცია კონკრეტულად არ გაგვაჩნია,”- ამბობს დავით ჭიპაშვილი.

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს “ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა და “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ნენსკრა ჰესის პროექტის განხორციელებას და რა პასუხები აქვს საპარტნიორო ფონდს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი