ახალი ამბები

ურეკში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

19 აგვისტო, 2013 •
ურეკში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის ინფორმაციით, მინისტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.  

გუშინ მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაბა ურეკის მოსახლეობა დაზარალდა. ურეკში სანიაღვრე არხების პრობლემა არსებობს, რაც სახლებისა და სასტუმროების მუდმივად დატბორვას იწვევს. 

 

წყალდიდობა ურეკში
წყალდიდობა ურეკში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სტიქიის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალის მოცულობა ცნობილი არ არის.

 

როგორც სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, ფინანსური ზარალის დადგენა ერთ დღეში არ ხდება: “მიმდინარეობს ზარალის მოცულობის დადგენა და დათვლა. თუ ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ბიიუჯეტის თანხები არ ეყოფა, ფულადი რესურსი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა” – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

   

ურეკის საკურორტო ზონა დამსვენებლებმა გუშინ მომხდარი სტიქიის გამო დატოვეს, რის შედეგადაც რიკოთის უღელტეხილზე საცობი წარმოიქმნა. ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა თავისუფალია.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე საცობი უამინდობის გამო, ურეკიდან წამოსულმა მანქანებმა შექმნეს.

 

“თანაც, უღელტეხილზე ორი პატარა გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო. რამდენიმე ავტომობილის მძღოლი გუშინ გზის მარეგულირებელს არ დაემორჩილა და გზა ჩახერგა რის გამოც საცობი წარმოქმნა. ამ დროისათვის რიკოთის საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი