ნეტგაზეთი | დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება ცოფის ვაქცინის საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება ცოფის ვაქცინის საკითხზე – Netgazeti

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება ცოფის ვაქცინის საკითხზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმული ვაქცინა ცოფისაა და ის, რაც დოკუმენტშია ნახსენები, რეალობას არ შეესაბამება.

აუდიტის სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელი ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ასე არ მოხდა.

“ის, რაც წერია პუბლიკაციაში, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე კონტროლის ცენტრს  გაცემული აქვს რამდენჯერმე არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ სხდომა შედგა აუდიტის სამსახურში, სადაც დავუსაბუთეთ ის ნაწილი, რაზეც დღეს აუდიტის სამსახურის პუბლიკაციამ გამოიწვია აჟიტოაჟი და სამსახური დაეთანხმა ცენტრის არგუმენტებს. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვითი ინტერვენციის დისკრედიტაცია გამიზნულად ხდება”,- განაცხადა ამირან გამრელიძემ.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახურის დღევანდელ პუბლიკაციაში არ არის ნახსენები, რომ ეს არის ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმური ვაქცინები, რომლებიც ბავშვებს უტარდებათ:

“ეს ვაქცინა ეხება ცოფს. ცოფი, მოგეხსენებათ, გახლავთ 100% სასიკვდილო დაავადება. ბოლო 3 წელია ქვეყანაში არცერთი ადამიანის ცოფის შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. [სადავო] ვაქცინა 2015 წელს შემოვიდა ყველა იმ წესის დაცვით, რასაც ჩვენი კანონი ითვალისწინებს. ვაქცინა იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა გამოიყენებოდა ქვეყანაში მთელი 2015 წლის გნამავლობაში და არცერთი გვერდითი მოქმედების შემთხვევა ან სერიოზული გართულება არ ყოფილა დაფიქსირებული- როგორც ვაქცინის შემოტანიდან, ისე ვაქცინის ამოღების დროს.

2016 წლის იანვარში, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოითხოვა პრეკვალიფიკაცია, რაც არის მაღალი ხარისხისა და უსაფრთხო იმუნიზაციის გარანტია, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ უნდა მომხდარიყო მისი ამოღება. გამოთხოვიდან  თვენახევარში ცენტრმა უზრუნველყო ამ ვაქცინის ჩანაცვლება ახალი ვაქცინით  და 2016 წლის 20 მარტიდან ქვეყანაში გამოიყენებოდა ახალი ვაქცინა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გამოყენების პერიოდში არცერთი გვერდითი მოქმედება თუ გართულება არ დაფიქსირებულა. მათ შორის, ხაზს ვუსვამ, რომ 2015 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოფი არ გვაქვს, როდესაც 90-იანი წლების განმავლობაში იყო 10-15 ცოფის შემთხვევა და შემდგომ, ყოველწლიურად იყო 3-5 შემთხვევა. 2015 წლიდან არცერთი ცოფის შემთხვევა ქვეყანაში არ არის და ეს არის იმუნიზაციის პორცესის გამრთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა”,- განაცხადა გამყრელიძემ.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად,  იმუნიზაციის პროგრამის შესახებ ჩატარებული შემოწმებისას ხარვეზები და დარღვევები გამოვლინდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელი ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში 29 222 გაიხარჯა.

ამას გარდა, პროგრამის ფარგლებში ის პრეპარატი შეიძინეს, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესი ვერ გაიარა და ბაზარზე არ უნდა დაშვებულიყო:

“მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”,- წერია დასკვნაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com