ნეტგაზეთი | წულუკიანი: მზად ვართ, მოქალაქეობის საკითხთა კომისია სამინისტროში შევიფაროთ წულუკიანი: მზად ვართ, მოქალაქეობის საკითხთა კომისია სამინისტროში შევიფაროთ – Netgazeti
RU | GE  

წულუკიანი: მზად ვართ, მოქალაქეობის საკითხთა კომისია სამინისტროში შევიფაროთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სამინისტროდან “გამოასახლეს”.

წულუკიანის განცხადებით, კომისიის გამოყვანა იუსტიციის სამინისტროდან და მუშაობის პროცესის გაგრძელება პრეზიდენტის რეზიდენციაში თავად გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა იყო და მან მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილება აღასრულა. მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის წევრთა მისაღებად მზად არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც მისი უკან, სამინისტროში დაბრუნება მოითხოვა. მისივე თქმით, სამინისტრო მზადაა, კომისია “შეიფაროს”.

“როგორც დღეს ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისათვის და პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების − პრეზიდენტის ადმინისტრაციის − თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ.

რაც შეეხება მეორე საკითხს: ის, რომ კომისიამ ტესტირებები უნდა ჩაატაროს, მოქალაქეებს გაესაუბროს, აქ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი დამხმარე როლი ვერ გვექნება, რადგან კომისიის სხვა უწყებაში გადატანა ნიშნავს იმას, რომ სხვა უწყების თანამშრომლებმა და მათმა ხელმძღვანელებმა მართლაც უნდა ჩაატარონ ის სამუშაო, რასაც აქამდე აღმასრულებელი ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ატარებდა”, – აცხადებს წულუკიანი.

წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ კომისია პრეზიდენტის რიგ გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება:

“როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მოქალაქეობის მიღებაზე, ჩვენ ამ წინააღმდეგობას მას ვუწევდით; როდესაც ის უარს ეტყვის ჩვენს ყოფილ მოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ მას წინააღმდეგობას ვუწევდით. იმედი მაქვს, რომ მისივე კომისია ამ წინააღმდეგობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი თანამემამულეები დავუბრუნოთ სამშობლოს”.

წულუკიანის განცხადებას მარგველაშვილმა “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ მინისტრის ქმედებები გაუგებარი და მიუღებელია.

“არ შეიძლება ასე მოქცევა. არ შეიძლება, კომისია რომ უკეთესი არის, ამიტომ გამოასახლო. არც რატომ გამოასახლა, ეს არ მესმის, არც უკან რატომ დააბრუნა, ეს არ მესმის.

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის იუსტიციის სამინისტროდან გამოსახლებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წულუკიანს ბრალი 15 იანვარს დასდო. აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ “მინისტრის გაღიზიანება კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ გამოიწვია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან