ახალი ამბები

აბაშიშვილი: წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია სამინისტროს შენობიდან გამოასახლა

15 იანვარი, 2018 • 1683
აბაშიშვილი: წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია სამინისტროს შენობიდან გამოასახლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებული შემადგენლობა სამუშაო ადგილზე არ დაუშვა და სამინისტროს შენობიდან გამოასახლა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა  იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა: კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით, კომისიას დაემატა ერთი წევრი – დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ხოლო ერთი წევრი- ეროვნულის უშიშროების საბჭოდან.

გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია.

“სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან, იმ შენობიდან, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ეს კომისია. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მოკლებული არიან შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ შენობა, საიდანაც ქალბატონმა მინისტრმა გამოასახლა კომისიის წევრები, ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე ერთ კონკრეტულ მინისტრს.

ამავდროულად, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს განაცხადების მიღებას, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. ხოლო, თუ კომისიას არ მიეცემა საშუალება იმუშაოს, ეს ადამიანები ამ ფულს უბრალოდ დაკარგავენ,” – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა იუსტიციის საინისტროს, სადაც განვვიცხადეს, რომ ამ საკითხზე იუსტიციის სახლში განცხადება 17:00 საათზე გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი