ნეტგაზეთი | სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში – დეპუტატი სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში – დეპუტატი – Netgazeti

სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში – დეპუტატი

“მოსახლეობა ასე მივატოვოთ და მარტო ვასწავლოთ… სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც თხილთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობენ ფაროსანის კონტექსტში.

მან მხარი დაუჭირა სამობილიზაციო სამსახურის შექმნის იდეას, რომელიც ფაროსანის წინააღმდეგ იბრძოლებს, შეწამლის და ა.შ. ასე, დეპუტატის თქმით, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.

“თითო ნაკვეთზე რომ 100 ლარი გამოვყოთ, სულ 25 მილიონ ლარში ჩავეტევით”.

“რაღაცნაირად ჩვენ მივენდეთ ამ საბაზრო ეკონომიკას. გავიწიეთ ბოლომდე და ვთლით, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაარჩნოს თავისი თავი. მე მგონი, ეს არ არის სწორი”, – ამბობს დეპუტატი.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მისი დღევანდელი განცხადება სინმადვილეში გლეხების დასაცავად იყო გამიზნული. დეპუტატის თქმით, თუ ვინმემ მისი განცხადება ცუდად მიიღო, ის ბოდიშს უხდის.

დეპუტატი ნეტგაზეთაან ამბობს, რომ ის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა და არა ზოგად განათლებაზე.

“პირიქით. ყველა ჩვენი დიდი მეცნიერი რაიონებიდან სოფლებიდან წამოსული ადამიანები არიან და ყველა ჩვენთაგანი აქედან მოდის”, – აცხადებს დეპუტატი.

“აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მთელი მსოფლიო ეძებს ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმს და ამაში სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. ჩვენ რომ მხოლოდ გლეხების იმედად დავრჩეთ და მათ მარტო პესტიციდები დავურგოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ პრობლემას გადავჭრით. გლეხს კი არა დედამიწაზე არავის აქვს სათანადო განათლება, რომ ამ უბედურებას მოერიოს. ეგ რომ იცოდეს გლეხმა ფაროსანა როგორ დაამარცხოს, ის გლეხი კი არა მსოფლიოს გადამრჩენელი იქნება. მთელი ევროპა, აშშ მაგ უბედურებას ებრძვის. საკმაოდ მძლავრი ქვეყნები არიან ჩართული, მაგრამ დადებითი შედეგი არ გვაქვს. ამ მიმართულებით იყო ნათქვამი თორემ რა კავშირი აქვს ზოგად განათლებას ამ კონკრეტულ შემთხვევასთან. დღეს კომიტეტზე  ფაროსანასთან ბრძოლის საკითხზე იყო მოსმენა და მაგ ცოდნაზე თუ განათლებაზე იყო ლაპარაკი, რომ მეცნიერებსაც კი არ გააჩნიათ…  ეს მოყვა იმას, რომ [ამბობდნენ] ჩვენ პესტიციდებს დავურიგებთ გლეხებსო და მათ მოწამლონ და მოუარონ, არ აქვთ მოვლილი ნაკვეთებიო. მაგასთან მიმართებაში იყო ეს ნათქვამი, რომ გლეხი ამ სენს ვერ დაამარცხებს იმიტომ, რომ მას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

კითხვას, თუ ის უშუალოდ ფაროსანასთან ბრძოლის ცოდნაზე ლაპარაკობდა, მაშინ რა შუაშია ფრაზები ‘ცხოვრებაში სხვა ადგილის მოძებნისა” და “სწავლის სიყვარულის” თაობაზე, დეპუტატი პასუხობს:

“გლეხმა რომ იცოდეს როგორ დაამარცხოს ფაროსანა, ის გლეხი აღარ იქნება. ელექტრონერგია და ტელეფონი ვინც გამოიგონა, იმის მერე დადგება, როგორც დიდი აღმოჩენის ავტორი. მაგას ვგულისხმობდი, რომ შეიძლება ნობელის პრემიის ლაურეატიც კი გახდეს”.

რაც შეეხება სწავლის სიყვარულს, იგი ამ ფრაზას ასე განმარტავს:

“პესტიციდები დავურიგეთ და მორჩაო. იქ იყო ლაპარაკი. იმან როგორ უნდა ისწავლოს პესტიციდის გამოყენება… მე რომ მომცენ, რამეს გავიგებ? მაგას სპეციალურად მომზადებული ადმაიანი სჭირდება. მე ასე მგონია, რომ ჩვენი მოსახლეობა ამას ვერ ისწავლის. მაგის სწავლის სურვილი… თან პესტიციდით არც მარცხდება [ფაროსანა] თუ მეზობელი არ წამლავს”.

“ბოდიშს მოვუხდი თუ ცუდად გაიგეს. ეს არ მიგულისხმია. მე იმან გამაღიზიანა, რომ გლეხებისკენ აკეთებდნენ აქცენტს რომ, თითქოს მათ არ მოინდომეს და შესაბამისი ენერგია არ დახარჯეს. პირიქით. მათ დასაცავად იყო ეს განცხადება გაკეთებული”, – ამბობს ჭიჭინაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com