“12 აგვისტოს პროკურორ–გამომძიებელი დაუკავშირდა ჩემს მეგობარ მურად გაბუნიას, რომლისგანაც ითხოვდა ჩემი

მობილური ტელეფონის ნომერს. ვინაიდან მე გახლდით ცხვარიჭამიაში, მონასტერში, მან ვერ მოახერხა ჩემთან დაკავშირება. მოგვიანებით დამიკავშირდა ჩემი მეგობარი გაბუნია და გადმომცა, რომ პროკურ–გამოძმიებელ კახა ჭუმბაძეს სურდა ჩემტან შეხვერა. 13 აგვისტოს მე გამოვცხადდი ქალაქის პროკურატურაში 11 საათზე, სადაც ფოიეში დამხვდა პროკურორ–გამომძიებელი ჭუმბაძე და ამიყვანა თავის კაბინეტში, სადაც იყვნენ სხვა გამომძებლებიც, დაახლოებით ოთხი პირი, რის შემდეგაც შედგა ჩვენი საუბარი”, – აცხადებ მამა ნიკოლოზ ტაბაღუა ვიდეოინტერვიუში.
მამა ნიკოლოზის თქმით, პროკურორები ითხოვდნენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. უშუალოდ ჩვენება შეეხებოდა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების, ალანია, ღაჭავა, აფციაურის და ბიბილურის სასჯელის მოხდის პერიოდს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, ჩვენების მიცემის პერიოდში ისინი ითხოვდნენ მისგან ისეთი არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა ბაჩო ახალაიას და იყო მის წინააღმდეგ მიმართული, თითქოს მას უნდა დაედასტურებინა ისეთი ფაქტები, რაც, საბოლოო ჯამში, ახალაიას დააზარალებდა.
“დამაბნეველი კითხვებით ახდენდნენ ჩემზე ზემოქმედებას. ერთ–ერთი, რომელიც იყო ამ ჯგუფის უფროსი, პირდაპირი მუქარით მითხრა, რომ თუ არ მოხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება, რომელიც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი 7 თანამშრომლის დაპატიმრება, მათ შორის ჩემიც, და დაგვაკავებდნენ ყველას ერთად. იყო ცინიკური საუბრები სამღვდელოებასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, ყველაზე მეტად ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ დაკითხვა მიმდინარეობდა 12 საათი, დილის 11–დან ღამის 11–მდე, ერთ ოთახში ვიყავი მშიერი”, – აცხადებს მამა ნიკოლოზ ტაბაღუა, რომელიც ერისკაცობაში პოლიციის პოლკოვნიკი თემურ ტაბაღუა იყო. ის სწორედ იმ ციხის უფროსად მუშაობდა, სადაც გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები სასჯელს იხდიდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულები ციხეში ყოფნისას უზრუნველყოფილნი იყვნენ ისეთი პრივილეგიებით, რომელიც სხვა პატიმრებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. პროკურატურაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ მამა ნიკოლოზი ერისკაცობაში ციხის უფროსი თემურ ტაბაღუა იყო.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მამა ნიკოლოზის ბრალდებებზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავარ პროკურატურას 2012 წლის სექტემბერში გადაუგზავნა პატიმრების ხელმოწერილი, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით იმ პირთა სია, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ პატიმართა წამებასა და არასათანადო მოპყრობაში. ამ სიაში წერია თბილისის N1 დაწესებულების ყოფილი უფროსი თემურ ტაბაღუა, რომელიც ახლა ავჭალის წმ. გიორგის მამათა მონასტრის მღვდელია და მამა ნიკოლოზი ჰქვია.




