ახალი ამბები

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება ისევ გადაიდო

15 აგვისტო, 2013 • • 1329
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურება ისევ გადაიდო

“პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები უახლოეს დღეებში განადგურდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მასალები დღეს უნდა განადგურებულიყო, თუმცა, ვინაიდან ამ საკითხზე მომუშავე კომისიის ყველა წევრი საქართველოში არ იმყოფება,  ეს პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო.

 

“შეთანხმებისამებრ,  მასალები დღეს უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ვინაიდან კომისიის ყველა წევრი არ იმყოფება საქართველოში, ალბათ  რამდენიმე დღით გადაიდება   განადგურება. პროცედურა დაწყებულია, ჩვენ ყველა საჭირო პროცედურა გავიარეთ. ჩვენ მზად ვართ, გადაწყვეტილება არ შეცვლილა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები აუცილებლად განადგურდება უახლოეს დღეებში,  როგორც კი კომისიის ყველა წევრი იქნება საქართველოში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

როგორც აღნიშნული კომისიის წევრმა, ლაშა ტუღუშმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება კომისიის კიდევ ერთი წევრი- უჩა ნანუაშვილი, თუმცა, როგორც ტუღუში ამბობს, მისთვის არავის უთქვამს, რომ 15 აგვისტოს კომისიის წევრები აუცილებლად საქართველოში უნდა ყოფილიყვნენ, რომ მომხდარიყო ამ უკანონო მასალის განადგურება.

 

“მე ბევრჯერ გამოვთქვი ჩემი წუხილი იმიტომ, რომ რამდენჯერმე მოხდა გადატანა სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ახლა არა მგონია, რომ დიდხანს გაიჭიმოს, იმიტომ, რომ ყველაფერი დამთავრდა. არ ვიცი რა შეიძლება ახალი გარემოება გაჩნდეს. არ მომწონს, როცა მუდმივად გადატანის რეჟიმში ვართ”, – ამბობს ლაშა ტუღუში. მისივე ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრის ბრძანებულებით შეიქმნა კომისიის დებულება, რომლის 6 წევრს დაემატება 3 ახალი წევრი – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ერთი მოსამართლე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

 

“კომისიის შემადგენლობა უკვე გაფარდოვდა მთავრობის მიერ მომზადებული დებულებით, განახლებული შემადგენლობითა და ახალი დებულებით კომისია ჯერ არ შეკრებილა და, რამდენადაც ახლა გახდა ცნობილი, რამდენიმე დღეში შეიკრიბება და დაიწყებს დებულებით  გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას”, – განუცხადა თამარ ქალდანმა “ნეტგაზეთს”. პრემიერ–მინისტრს ამ ბრძანებულებისთვის ჯერჯერობით ხელი არ აქვს მოწერილი და ის ოფიციალურად არ გამოქვეყებულა. 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განმარტავს, თუ რატომ გახდა საჭირო კომისიის წევრთა რაოდენობის ზრდა. მისივე განცხადებით, ექვსკაციანმა კომისიამ, რომელიც შსს–ს გადაწყვეტილებით შეიქმნა ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით, დახმარებისთვის მიმართა თომას ჰამერბერგს, რომელმაც სხვა რეკომენდაციებთან ერთად საქათველოს მთავრობას ურჩია, რომ  კომისიის შემადგენლობა უნდა გაფართოვებულიყო და მას დამატებოდა იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელი, ასევე, მოსამართლე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. სწორედ ეს რეკომენდაციები გახდა საფუძველი იმისა, რომ მთავრობას ემსჯელა კომისიის გაფართოვებაზე და პროცედურულ საკითხებზე – როგორ უნდა მოხდეს მასალების დამუშავება, როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, კონფიდენციალობის დაცვა,  მასალებთან წვდომა, განადგურება და ა.შ.

 

თამარ ქალდანი ამბობს, რომ შსს მისგან ელოდება რეკომენდაციებს, რა ტიპის არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია შეიძლება იქნას აღრიცხული, და ამ რეკომენდაციებს ქალდანი მათ მალევე მიაწვდის, ასევე, ცალკე იქნება გადაწყვეტილება მისაღები განადგურების მეთოდოლოგიაზე.

 

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საუბრისგან ირკვევა, კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო, რათა მოხდეს უკანონო ფარული მასალების განადგურება.

 

“პირველ რიგში, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომელიც პირადი ცხოვრების პრინციპიდან გამომდინარე არ უნდა იქნას გასაჯაროვებული, უნდა განადგურდეს.  დანარჩენ მასალას რაც შეეხება, უნდა აღირიცხოს, უნდა გაირკვეს, რა არის პირადი ცხოვრების ამსახველი და რა–არა. 20 ათასზე მსგავსი მასალის დახარისხება არ არის იოლი და ამაზე ჯგუფი მუდმივად უნდა მუშაობდეს, კომისია კი ზედამხედველობდეს დახარისხებისა და განადგურების წესის შესრულებას”, – განუცხადა თამარ ქალდანმა “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი