ახალი ამბები

პრეზიდენტი აფხაზებს მიმართავს

14 აგვისტო, 2013 • • 1011
პრეზიდენტი აფხაზებს მიმართავს

აფხაზებისადმი პრეზიდენტის მიმართვა ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა:

 

“უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც ქვეყნის ერთიანობასა და ნათელ იდეალებს შეწირა თავი; ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც უკვე 21 წელია, გმირულად უძლებს ამ დღეს დაწყებული ომის შედეგებს; ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვისაც დღესაც სწამს, რომ ჩვენი ერთობით აღდგება ჩვენი სამშობლოს მთლიანობა!  ჩემო ძვირფასებო, ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაწყებულა – ეს ომი თავს მოახვიეს ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ – ქართველები და აფხაზები! 

აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი დღეს რუსეთში იწერება. ის დღესაც თამაშობს საზღვრებით და მავთულხლართებით ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის გაზრდას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია და ყველაფერი შეიცვლება. მათ უბრალოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ – როგორც დღეს მოსდევს ღამე, ისე მოყვება ოკუპაციას დეოკუპაცია. ეს გარდაუვალია, მაგრამ ჩვენი სიყვარული, ძმობა და ერთობა ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. 

ჩემო აფხაზო ძმებო, დებო და დედებო, ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს, ეს ჩვენი საერთო მიწაა და დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს დღეს ვიხსენებთ, ყველაზე მეტად მსურს ვიყო იმედიანად – ჩვენ ისევ ვიქნებით ერთად! ჩვენი შვილები ერთმანეთის მხარდამხარ გაიზრდებიან და ერთად ვიამაყებთ მათი წარმატებით! ჩვენს ხალხებს აქვთ საერთო მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტი ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი