ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი დავით ბაქრაძესთან დაგეგმილ შეხვედრას აუქმებს

14 აგვისტო, 2013 • • 1498
ეკონომიკის მინისტრი დავით ბაქრაძესთან დაგეგმილ შეხვედრას აუქმებს

როგორც კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება ბაქრაძის თანაპარტიელის, გიორგი ვაშაძის დღევანდელი განცხადების გამო მიიღო:

 

„ცოტა ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ. სიტყვიერი შეთანხმებაც გვქონდა, რომ ეს შეხვედრა უნდა შემდგარიყო ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. დღეს შევთანხმდით, რომ შეხვედრა უნდა გამართულიყო 15 აგვისტოს,  13.00 სთ-ზე. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა სატელევიზიო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დახატა ქვეყანაში აპოკალიპტური სურათი და გამოთქვა „წუხილი“ იმის გამო, რომ თურმე ეკონომიკის მინისტრი ვერ იცლის იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღოს რჩევები.

ახლა მინდა გასაგებად განვაცხადო: მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე გახლავთ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ერთ-ერთი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობისა“, იმ პოლიტიკური ძალისა, რომლის ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქვეყნის ეკონომიკის არასწორი მიმართულებით წაყვანა, ბიზნესმენების ტერორი, კანონიერი ქონების წართმევა; იგი გახლდათ თავმჯდომარე იმ პარლამენტის, რომელმაც ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სპეციალურად შექმნილ კანონს ერთი კონკრეტული ბანკის გასანადგურებლად, რომელშიც მე წლების განმავლობაში გენერალურ დირექტორად ვმუშაობდი. ბაქრაძე იყო ლიდერი იმ ძალისა, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის არარეალური ზრდის ილუზიას და ახლა გაუჩნდათ სურვილი, რომ გვასწავლონ, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განვითარდეს ქვეყანა, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ამ უმძიმეს მემკვიდრეობას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ქვეყანაში რეალურად თავისუფალი ბიზნესის განვითარებას, მე მაინც ჩავთვალე, რომ ვინაიდან  ვარ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა მეთქვა ამ შეხვედრაზე. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ვაცნობიერებდი, ამ შეხვედრის დადებითი შედეგის ალბათობა თითქმის ნულის ტოლი რომ იყო.

ვაშაძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს შეხვედრა განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა რეალური სურვილი დიალოგისა.

ყოველივე ზემოთ ქმულიდან გამომდინარე, მე ვაუქმებ დათქმულ, ხაზს ვუსვამ – დათქმულ შეხვედრას  და მთელ პასუხისმგებლობას ამაზე ვაკისრებ დავით ბაქრაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, – ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი