ახალი ამბები

შსს–ს განმარტება ხატიაშვილის მიერ წამებაში დადანაშაულებული პოლიციელების დაწინაურებაზე

14 აგვისტო, 2013 • • 1838
შსს–ს განმარტება ხატიაშვილის მიერ წამებაში დადანაშაულებული პოლიციელების დაწინაურებაზე

“დასახელებული პოლიციელებიდან მალხაზ მჟავია და რევაზ ქობულია ნამდვილად მუშაობენ ჩვენთან, წყალტუბოს რაიონში. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი, ასევე დარღვეული იყო პროცედურები გამოძიების პროცესში და ამ გადაწყვეტილებაში კონკრეტული გვარები მითითებული არ არის.

 

სტრასბურგის სასამართლს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე პროკურატურამ დაიწყო ინტენსიური გამოძიება, გამოძიებასთან ინტენსიურად თანამშრომლობს თავად რევაზ დვალიშვილი და ასევე ის პირები, რომლებსაც უშალო შემხებლობა ჰქონდათ რევაზ დვალიშვილის ბრალდებასთან დაკაშირებით. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება რევაზ დვალიშვილის წამების ფაქტი და მასთან კონკრეტული პირების კავშირი, ადეკვატური ზომები იქნება მიღებული”, – განუცხადა ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთს”.

 

ზაზა ხატიაშვილმა დღეს, 14 აგვისტოს,  ჟურნალისტებთან წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე “დვალიშვილი საქართველოს წინაააღმდეგ”.

 

გადაწყვეტილების მიხედვით, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ზაზა დვალიშვილის მიმართ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციელებმა წყალტუბოს რაიონულ პოლიციაში 2005 წლის 28 დეკემბერს დვალიშვილი სასტიკად ცემეს. ის 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა ქუთაისის ერთ–ერთ საავადმყოფოში, ექსპერტმა კი განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო მას მიწაზე ერთხელ დაცემით ასეთი სიმძიმის ტრავმა მიეღო. იმ დროს დაკითხული პოლიციელები კი აცხადებდნენ, რომ დვალიშვილმა ტრავმა დაცემისას მიიღო და ის არ უცემიათ.

 

დვალიშვილის განცხადებით, ეს პოლიციელები იყვნენ ზვიად აფციაური, რევაზ ქობულია, მალხაზ მჟავია, ბადრი ხაჭუა და გამომძიებელი მერაბ ქორიძე.

 

ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა შსს–დან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რევაზ ქობულია, რომელიც, დაზარალებულის თქმით, მონაწილეობდა მის წამებაში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, დაინიშნა წყალტუბოს  პოლიციის უფროსად. ხატიაშვილის თქმით, კიდევ ერთი პოლიციელი, მალხაზ მჟავია, რომელიც წამებაში მონაწილეობდა, წყალტუბოს რაიონული პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსია.

 

ზაზა ხატიაშილი მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის გადადგომის მიზეზად ასახელებს პროკურატურის მიერ წამებაში მონაწილე პოლიციელებისთვის ბრალის არწარდგენას, მიუხეავად იმისა, რომ ამ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და საჩივარი წამების საქმეზე თავად რევაზ დვალიშვილმა მთავარ პროკურატურაში 2013 წლის დასაწყისში შეიტანა. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, პროკურატურას ადეკვატურად რომ ემოქმედა და პოლიციელებისთვის ბრალი წარედგინა, შს მინისტრი მათ დაწინაურებას ვერ შეძლებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი