ახალი ამბები

შსს–მ “ნეტგაზეთს” დანაშაულის დეტალური სტატისტიკა არ მიაწოდა

14 აგვისტო, 2013 •
შსს–მ “ნეტგაზეთს” დანაშაულის დეტალური სტატისტიკა არ მიაწოდა

“თქვენი 1/40 განცხადების პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს შს სამინისტროს მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკას, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში რეგისტრირებულ 16590 დანაშაულიდან გახსნილია 8840 დანაშაული”, – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. წერილს ხელს აწერს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსი ხათუნა ქველიძე.

შსს–ს პასუხი ნეტგაზეთს
შსს–ს პასუხი ნეტგაზეთს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულებების სტატისტიკა მსგავსი, დაჯამებული სახით რამდნიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დანაშაულმა იკლო წინა წელთან შედარებით, თუმცა სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია ინფორმაცია, კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან რა ტიპის დანაშაული გაიზარდა. 


შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად აქვეყნებდა რეგისტრირებული დანაშაულებების დეტალურ სტატისტიკას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ცვლიდა დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგიას და ის უფრო ზუსტი გახდებოდა, თუმცა, საზოგადოებას ივლისში მხოლოდ დაჯამებული ციფრები წარუდგინა.


“ნეტგაზეთმა” შსს–ს დანაშაულის დეტალური სტატისტიკა 2013 წლის მარტშიც გამოთხოვა და ის უპრობლემოდ მივიღეთ. მაშინ მიღებული დოკუმენტიდან გაირკვა, რომ მიუხედავად  იმისა, რომ 2013 წლის იანვარ–თებერვალში დანაშაულის საერთო რაოდენობის კლება ფიქსირდება, მნიშვნელოვნადაა მომატებული ქურდობის ფაქტი ბინაში შეღწევით. კერძოდ, 2013 წლის იანვარში დაფიქსირებულია ბინის გაქურდვის 142 შემთხვევა, რაც 140%–ით მეტია წინა წლის იანვართან შედარებით.

 

იანვრის მსგავსად, 2013 წლის თებერვალშიც 87–ით მეტი ბინა გაქურდეს, ვიდრე 2012 წლის იმავე თვეში. ზრდის მაჩვენებელი 142.62%–ია.

 

2013-ის თებერვალში ასევე 82%–ით გაზრდილია ყაჩაღობის მაჩვენებლი და შეადგენს 53–ს. რაც შეეხება ნარკოდანაშაულს, დაფიქსირებულია 489 შემთხვევა, რაც 123 შემთხვევით მეტია (33.61%) წინა წლის იგივე პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულზე.  2013 წლის იანვარში კი ნარკოდანაშაული 2012 წლის პერიოდთან შედარებით 56.3%–ითაა გაზრდილი (ჩადენილია 201 ახალი შემთხვევა).

 

მსგავსი ანალიზის საშულება ახლა არ გვაქვს, რადგან ჩვენთვის უცნობია, შსს–ს მიერ გასაჯაროვებული დანაშაულის საერთო რაოდენობიდან, ვთქვათ, რამდენი ეხება ქურდობას, ყაჩაღობას, ან რომელიმე სხვა სახის დანაშაულს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ თუ რატომ მივიღეთ არასრული პასუხი საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროსგან, ეს ამავე სამსახურში უნდა გავარკვიოთ. ჩვენ ასევე ვკითხეთ შსს–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს, რატომ არ აქვეყნებს უწყება დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ამ საკითხს გაარკვევს. სამინისტროსგან პასუხის მიღების შემთხვევაში მას დაუყონებლივ ვაცნობებთ მკითხველს.

 

“ნეტგაზეთი” კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრებს შსს–სგან მიღებულ არასრულყოფილ პასუხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი