ახალი ამბები

ლეილა მუსტაფაევა: მუხთარლის პატიმრობაზე პასუხისმგებელია საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობა

12 იანვარი, 2018 • 1534
ლეილა მუსტაფაევა: მუხთარლის პატიმრობაზე პასუხისმგებელია საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობა

თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, აცხადებს, რომ მისი ქმრისთვის პატიმრობის მისჯა საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ერთობლივი გადაწყვეტილებაა:

“აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა, მე ამ გადაწყვეტილებას საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ერთობლივ გადაწყვეტილებად ვაფასებ. “ქართული ოცნების’ ხელისუფლება პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ავღანის დაკავების და პატიმრობის თანამონაწილეა. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული საქართველოში, რომელიც აზერბაიჯანში გაგრძელდა. 8 თვის წინ იგი საქართველოდან გაიტაცეს. მისი დაპატიმრება საერთაშორისო დანაშაულია, რომელიც ორმა ქვეყანამ, საქართველომ და აზერბაიჯანმა ჩაიდინა. ორივე ქვეყნის მთავრობები არიან მის პატიმრობაზე პასუხისმგებელი.

პროკურატურა მისთვის რვაწლიან პატიმრობას ითხოვდა. ის სამი მუხლი, რომელშიც მას ბრალი ედებოდა, მთლიანობაში, 7-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დამატებითი ერთი წლის მოთხოვნა პოლიტიკურ დაკვეთაზე მიუთითებს.

აფგანი არ არის დამნაშევე წარდგენილ ბრალდებაში და ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებაა. იგი მისი პროფესიული საქმიანობის გამო დააპატიმრეს- პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე საქართველოში გამოძიებისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების შესახებ კრიტიკული სტატიებისა და “ფეისბუქ” სტატუსების გამო. აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებებმა გაანეიტრალეს ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი იმით, რომ დააპატიმრეს და თავისუფლება აღუკვეთეს, მის გამოძიებას მე და მისი კოლეგები დავასრულებთ”,- წერს ლეილა მუსტაფაევა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ დღეს, 12 იანვარს 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

მუხთარლისა დანაშაულებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი