ახალი ამბები

ბაჩო ახალაია მორიგ გამამართლებელ განაჩენს ელოდება

13 აგვისტო, 2013 • • 1930
ბაჩო ახალაია მორიგ გამამართლებელ განაჩენს ელოდება

“ეს ბრალდება რეალობა რომ ყოფილიყო, ვაღიარებდი და ამდენ ადამიანს ასეთ დღეში ჩემ გამო არ ჩავაგდები“, –  13 აგვისტოს ასე დაიწყო თავისი საბოლოო სიტყვის წარმოთქმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე, რომელიც უკვე 6 თვეა თითქმის ყოველდღე იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურატურა ახალაიას წამების ორგანიზებას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. კერძოდ, პროკურატურის ვერსიით, ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, 2012 წლის აგვისტოში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გადაწყვიტა 7 სპეცრაზმელის დასჯა და ვითომ საწვრთნელ პროგრამაში ჩართო, რა დროსაც ჯარისკაცები აწამეს – აიძულებდნენ შიშვლად სირბილს, ვარჯიშს, უკანა ტანში ერთ–ერთს გაუკეთეს ტოტები, ამცირებდნენ და აგინებდნენ, ეძახდნენ მოღალატეებს.

“ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, სამწვრთნელო პროგრამა, რეინჯერთა მოსამზადებელი პროგრამა”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, ე.წ. დაზარალებულებმა ვერ გაუძლეს ძლიერ ფიზიკურ დატვირთავს, რადგან ისინი სპეცრაზმისთვის იყვნენ შეუფერებლები, არ ჰქონდათ შესაბამისი ფიზიკური მომზადება. ახალაია დარწმუნებულია, რომ ისინი შსს–ს სპეცრაზმს ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სწორედ ამ მიზეზით არ გამოადგებიან და მათი მთავარი დანიშნულება ახალაიას წინააღმდგ ჩვენების მიცემაა.

ბაჩო ახალაიასა და სხვა ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს წინაშე 13 აგვისტოს ბოლოჯერ შეეცადნენ ბრალდებულთა უდანაშაულობა დაემტკიცებინათ.

 

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

დაცვის მხარის ადვოკატების განცხადებით, 2012 წლის აგვისტოში შსს–ს პირველი სამმართველოს უფროსი დავით ვეკუა უკმაყოფილო იყო მის დავქემდებარებაში მყოფ სპეცრაზმელთა ფიზიკური მომზადებით, ასევე, მათი არადისციპლინურობით, კერძოდ, ამ დასკვნამდე ის მივიდა სპეცრაზმელთა დისლოკაციის ადგილზე არსებული უწესრიგობითა და სიბინძურით. ამის შესახებ ვეკუამ აცნობა შს მინისტრის მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს, ინფორმაციამ ასევე მიაღწია ბაჩო ახალაიამდე და მის სხვა მოადგილეებამდე. შალვა ჯანაშვილმა პირველ სამმართველოში გამოაცხადა განგაში, რის შემდეგაც ბაზაზე მივიდა ბაჩო ახალაიასთან ერთად და შეურაცხყოფის გარეშე გაესაუბრა სპეცრაზმელებს და აღნიშნა მათი ფიზიკური მოუმზადებლობა.  ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეეფერება, რომ ახალაიამ ერთ–ერთ სპეცრაზმელს პინგვინი, მოღალატე და გარეწარი უწოდა.

ამის შემდეგ ახალაიას მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომ ამ დანაყოფის 45 სპეცრაზმელს უნდა გაევლო რეინჯერთა კურსი კვალიფიკაციის ასამაღლებლად იაღლუჯას სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ შსს–ს თანამშრომლები სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ წვრთნას, რაც, პროკურატურის არგუმენტით, მიუთითებს სპეცრაზმელთა დასჯის მიზანზე.

სპეცრაზმელთა მოსამზადებელი რეინჯერთა პროგრამა მოამზადა ინსტრუქტორმა, გენადი კუპრეიშვილმა, რომელსაც მოგვიანებით აცნობეს, რომ სპეცრაზმელებს გაუჭირდათ კურსის დაძლევა და მან აღნიშნული კურსი გაამარტივა. აღნიშნული პროგრამის ნამდვილობა კუპრეიშვილმა სასამართლოზე დაკითხვის დროსაც დაადასტურა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ რეინჯერთა კურსის პროგრამა საერთოდ არ არსებობდა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საეჭვო წარმომავლობისაა.

ადვოკატების განცხადებით, იმის გამო, რომ ამჟამად საქმეში დაზარალებულ 7 პირს იაღლუჯას პოლიგონისკენ მგზავრობისას გზაში სხვა სპეცრაზმელებთან კონფლიქტი მოუვიდათ, ისინი დააცალკევეს და ამჟამად ბრალდებულმა ყოფილმა ინსტრუქტორებმა, ისინი ცალკე სავარჯიშოდ გაიყვანეს. პროკურატურის განცხადებით კი, მათი განცალკევების მიზანი დასჯა იყო.

ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ერთ–ერთი სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ 7 სპეცრაზმელი იაღლუჯას ბატალიონზე ყელამდე მიწაში ჩაფლეს და მათზე ბუნებრივი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილეს, თუმცა აღნიშნული ფაქტი სასამართლოში არცერთ დაზარალებულსა და მოწმეს არ უხსენებია. ადვოკატებისა და ბრალდებულების მოსაზრებით, სწორედ ამგვარად ახდენს პროკურატურა ახალიას წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას და მის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რადგან საქმეში რეალური მტკიცებულებები არ აქვთ. ერთ–ერთმა ადვოკატმა, რომეო საჯაიამ დღეს პროკურორს უთხრა, რომ ოდესმე ის დაიჯსება ახალაიას საქმეზე ყალბი მტკიცებულებების შეგროვებისა და საქმის „შეკერვისთვის“.

ადვოკატები ამბობენ, რომ ახალაიამ საერთოდ არ იცოდა, თუ რა ტიპის წვრთნებს გადიოდნენ სპეცრაზმელები იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე, უფრო მეტიც, ის იმ პერიოდში ამ ბაზაზე საერთოდ არ ყოფილა, გარდა ამისა, არ ჰქონია სატელეფონო კავშირი დავით ვეკუასთან და იმ პირებთან, ვინც წვრთნიდნენ სპეცრაზმელებს. მათი თქმით, ასეთი კავშირი რომ ყოფილიყო, პროკურატურა აუცილებლად ამოიღებდა სატელეფონო ზარების ჩანაწერებს მობილური ოპერატორების ანძებიდან.  გარდა ამისა, შალვა ჯანაშვილს სასამართლოზე არ უთქვამს, ახალაიას საერთოდ ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, ვისი გაწვრთნაც გადაწყდა იაღლუჯას პოლიგონზე.

ახალაიასთან ერთად ბრალდებული ინსტრუქტორები ამბობენ, რომ ის მკაცრი პროგრამა, რომლითაც სპეცრაზმელებს წვრთნიდნენ, თავადაც აქვთ გავლილი და ეს კრიმინალს არ წარმოადგენს. მათივე თქმით, წვრთნისას ჯარისკაცებს აყენებენ გაუსაძლის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადება. ყოფილი ინსტრუქტორებისვე განმარტებით, რეინჯრთა კურსის მიზანია, მოხდეს რაც შეიძლება მეტი ოდენობის ჯარისკაცის გაცხრილვა წვრთნისთვის, რათა წვრთნას გაუძლოს ძალიან ცოტა, მაგრამ ხარისხიანმა ჯარისკაცმა, ამისთვის კი ინსტრუქტორები სხვადასხვა ხასიათის ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ხერხს მიმართავენ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ საქმეზე დაზარალებულები სუსტი სამხედროები აღმოჩნდნენ, ისინი ვერ აბარებდნენ ელემენტარულ ნორმატივებს და ამის მაგალითად მოყავთ ერთ–ერთი მათგანის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ხოხვა მისთვის შეურაცხმყოფელია.

პროკურატურის ცნობით, 7 სპეცრაზმელს იაღლუჯას პოლიგონზე 2012 წლის 18 აგვისტოდან 21 სექტემბრამდე აწამებდნენ.  ადვოკატების განცხადებით კი, შვიდივე პირს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპენსაციის სახით თითოეულს 10 ათასი ლარი მისცა. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ეს გაკეთდა იმისთვის, რათა მათ გაევლოთ ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი და მოერჩინათ წამებისას მიღებული დაზიანებები. მაგალითად, პროკურატურის ვერსიით, ერთ–ერთ დაზარალებულ მამუკა ჟვანიას მოტეხილი ჰქონდა ფეხი და ნეკნი, თუმცა, ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს 2012 წლის შემოდგომაზე კურორტ ანტალიაში გადაღებული ფოტოები, სადაც მამუკა ჟვანია და სხვა დაზარალებულები ცოლებთან ერთად ისვენებენ. ერთ–ერთ ფოტოზე კი აღბეჭდილია, ნეკნმოტეხილ მამუკა ჟვანიას ხელში როგორ უჭირავს თავისი ცოლი.

ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, მამუკა ჟვანიას რომ მართლა მიეღო ამ სიმძიმის დაზიანებები, ის 1 თვეში ვერ შეძლებდა თავისი ცოლის ხელში აყვანას.

 

დაზარალებული სპეცრაზმელი წამებიდან ერთი თვის შემდეგ კურორტ ანტალიაში
დაზარალებული სპეცრაზმელი წამებიდან ერთი თვის შემდეგ კურორტ ანტალიაში

სასამართლო პროცესზე კიდევ  ერთმა ბრალდებულმა, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, დავით ვეკუამ გაიხსენა, რომ ბრალის წაყენების დროს ის გერმანიაში იმყოფებოდა და საქართველოში საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად დაბრუნდა. მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ ცდილობდნენ გამომძიებლები ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას, სანაცვლოდ კი თავისუფლებას პირდებოდნენ.

დაცვის მხარის შეფასებით, პრკურატურის მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია, მოწმეთა ჩვენებები კი პროკურატურის მითითებით შედგენილი, რის გამოც სასამართლომ ახალაიას და სხვებს გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოუტანოს.

პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაცვის მხარემ თავისი შემაჯამებელი სიტყვა დემაგოგიაზე დაამყარა და მიზნად დაისახა საზოგადოებისა და სასამართლოს შეცდომაში შეყვანა.

აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 143-ე და 144-ე მუხლებით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბაჩო ახალაიას გარდა ბრალი წაყენებული აქვთ შემდეგ პირებს: შსს-ს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის საკონტრაქტო თანამშრომელი დავით ჩუბინიძე, შსს–ს პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ვეკუა, თავდაცვის სამინისტროს სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები – დავით გიორგაშვილი, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი და რობერტ სუთიძე.

მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენს უახლოეს დღეებში  გამოაცხადებს. ერთ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია უკვე გაამართლა. სასამართლოში კი ამის შემდეგ ახალაიას წინააღმდეგ მხოლოდ ერთი – ციხის ბუნტის საქმე რჩება, რომელთან დაკავშირებითაც ყოფილ შს მინისტრს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი