ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

12 იანვარი, 2018 • 5384
რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

[red_box]სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ[/red_box]

მიმდინარე წელს ე.წ. საფეხბურთო დიპლომატიას – სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობას ათი წელიწადი შეუსრულდება. თუმცა “საფეხბურთო დიპლომატიის” ძირითადი შედეგი – ე.წ. ციურიხის პროტოკოლები, სავარაუდოდ, 2018 წელს ვეღარ გაუძლებს.

2017 წლის 13 დეკემბერს, საბერძნეთში ვიზიტის დროს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ არ შეიძლება “მუდმივად ტყვედ გყავდეს პროტოკოლები” და უკვე ხელმოწერილი შეთანხმების მისაღებად მოთხოვნები წამოაყენო, როგორც ამას თურქული მხარე აკეთებს. ამიტომაც, როგორ მან თქვა, სომხეთი პროტოკოლების ბათილად გამოცხადებას გეგმავს, რადგანაც მათი რატიფიკაციისთვის თურქეთის მხრიდან მზაობას ვერ ხედავს.

შინაარსობრივად, ნალბანდიანმა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადება გაიმეორა, რაც გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა, რომლის მიხედვით, სომხეთი უარს იტყვის პროტოკოლებზე, თუ თურქეთის მხრიდან არ იქნება რაიმე ნიშნები იმისა, რომ მათ რატიფიცირებას აპირებს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე მსგავს შემთხვევებში, ეს განცხადებები სიტყვიერი დაპირისპირების საბაბი გახდა, რომელშიც თითოეული მხარე ცდილობს, პროტოკოლების ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა მეორე მხარეს დააკისროს.

14 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “სომხეთის მხრიდან ნეგატიური პოზიციის მიუხედავად” თურქეთი კვლავაც პროტოკოლების ძირითადი პუნქტების ერთგულია, თავად პროტოკოლები კი თურქული პარლამენტის დღის წესრიგში რჩება. ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხური მხარე ადაადანაშაულა მისთვის პირობის წაყენებაში და ყოველივე ეს სომხური დიასპორის ზეწოლას დაუკავშირა, რომელიც “როგორც ცნობილია, თავიდანვე წინააღმდეგი იყო პროტოკოლების ხელმოწერის და სომხურ მხარეზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათი ხელმოწერა შეეჩერებინა”.

ამის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის ჯერიც დადგა: საპასუხო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “სწორედ თურქეთმა შეუშალა ხელი რატიფიკაციას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული პირობების წამოყენებით. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კი მიუღებელია ეს, რადგანაც პროტოკოლებს არანაირი კავშირი აქვს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან”.

ამ განცხადებების სიხისტე იმაზე მიუთითებს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ჩიხშია შესული. დღესდღეობით არა მხოლოდ პროტოკოლების რეალიზაციის შანსები, არამედ სომხურ-თურქული პროტოკოლების რატიფიკაციაც პრაქტიკულად ნულის ტოლია.

სიტუაციის პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ თურქულ მხარეს არ აწყობს პროტოკოლებზე ფორმალური უარი. მათი არსებობა კი, თუნდაც ხელმოუწერელი, თურქეთს ეხმარება სომეხთა გენოციდის აღიარების საერთაშორისო კამპანიასთან ბრძოლაში.

ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე ქვეყანაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი წინ წამოიწევს ხოლმე, თურქეთი მოუწოდებს, არ ჩაერიონ სომხურ-თურქულ ურთიერთობებში და პროტოკოლებს მიუთითებს იმის დასტურად, რომ არსებობს  გარკვეული დიალოგი სომხეთსა და თურქეთს შორის, მესამე მხარის მიერ გენოციდის აღიარება კი ამ დიალოგს ხელს შეუშლის.

რაც უფრო დიდხანს რჩება პროტოკოლები არარატიფიცირებული, მით უფრო სუსტია არგუმენტი, რომ ანკარა პროტოკოლებზე უარის თქმას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, პროტოკოლებზე უარის ინიციატივით თავად ერევანი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ სომხურ-თურქული საზღვრის გახსნით სომხეთი უფრო მეტად არის დაინტერესებული.

[blue_box]მეზობლები თუ მტრები: სომხურ-თურქული ურთიერთობები პოსტსაბჭოთა პერიოდში[/blue_box]

იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ აღმოჩნდა სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ჩიხში, საჭიროა გავიხსენოთ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც სომხურ-თურქულ ურთიერთობებს პოსტსაბჭოთა პერიოდში ხელს უშლიდა.

თურქეთთან ურთიერთობების პრობლება, ყარაბაღის კონფლიქტთან ერთად, პოსტსაბჭოთა სომხეთის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი, ეგზისტენციალური გამოწვევა იყო.

არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც სომხურ-თურქულ ურთიერთობებში არსებულ ამ პრობლემების ბუკეტს პრაქტიკულად გადაუჭრელს ხდის. მათ შორის ერთი – მძიმე ისტორიული მემკვიდრეობაა, პირველ რიგში, 1915 წელს სომხების გენოდიცი ოსმალურ იმპერიაში და მისი აღიარებისა და დაგმობის პრობლება.

გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის სომხეთი არ აყენებს პირობად გენოციდის აღიარების საკითხს, თუმცა ერევანი, დიასპორის დახმარებით, ხელს უწყობს გენოციდის საერთაშორისო აღიარებას, რაც ანკარას აღიაზიანებს.

გენოციდის აღიარება ერევნისთვის არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საშუალებაა, არამედ ის არის გარკვეული გარანტია, რომ ანკარა ერევანთან ურთერთობებში ძალას არ გამოიყენებს.

მეორე ფაქტორია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოკავშირული ურთიერთობები, რომლებიც ძირითადად ხასიათდება ფორმულით- “ერთი ერი, ორი სახელმწიფო”.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ჭრილში ეს ურთიერთობები სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ფაქტიურად დაუძლეველ ბარიერად გვევლინება. სწორედ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით თურქეთი უარს ამბობს სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე და მასთან საზღვრის გახსნაზე [საზღვარი 1993 წელს დაიკეტა]. 1990-იან წლებში კონფლიქტში სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით თურქეთში ხშირად ისმოდა მოწოდებები.

თურქეთთან ურთიერთობებში ასიმეტრიის შესამცირებლად და ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგის მხრიდან ძალადობრივი მოქმედებების ასაცილებლად ერევნისთვის გარკვეული გარანტიაა – უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა.

თურქეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესახებ სომხეთში გავრცელებული შიში დამკვირვებლებისთვის შეიძლება გადამეტებული ჩანდეს და თანამედროვე რეალიებში ისტორიულად მიღებულ ტრავმაზე იყოს დაფუძნებული. თუმცა ამ შიშებს საკმაოდ რაციონალური საფუძველი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთს ჰყავს მსოფლიოში სიძლიერით მეორე, ნატოს არმია, ერევანი კი საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული, სომხეთის სურვილი, თავი დაიზღვიოს, სრულიად გასაგებია.

ფოტო სომხური რესურსებიდან: iragir.am, aravot.am

“სიძულვილის ენის” გამოყენება სომხების მიმართ თურქული პოლიტიკური დისკურსის ჩვეული ნაწილია, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები კი დამამცირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომ “სომხებმა ვერ გამოიტანეს დასკვნები იქიდან, რაც 1915 წელს მოხდა”. ამ ყველაფერს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთი აზერბაიჯანის შემადგენლობაში ნახიჯევანის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გარანტია, თეორიულად არც ისე რთულია წარმოიდგინო თურქეთის ძალადობრივი ჩარევის სცენარი ყარაბაღის კონფლიქტში. სწორედ ეს არგუმენტი ხდება გადამწვეტი ყოველ ჯერზე, როდესაც სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსი მესაზღვრეების გაყვანას მოითხოვენ.

ამ ძირითად ფაქტორებს კიდევ სხვა პრობლემები ემატება, რომლებიც ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას. მათ შორისაა თურქეთში დარჩენილი სომხური უმცირესობა [ძირითდად სტამბოლში], რომელიც იმის მიუხედავად, რომ კარგადაა ინტეგრირებული თურქეთის საზოგადოების პროდასავლურ და სეკულარულ ნაწილთან, მის მიმართ დისკრიმინაციასა და სიძულვილის პროპაგანდაზე სუბრობს.

ცალკეული პრობლემაა ისლამიზებული სომხები, რომლის უმრავლესობაც ბოლო დრომდე სომხურ ფესვებს მალავდა. დამატებით გამღიზიანებელი ფაქტორია თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სომხური კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა.

სომხურ-თურქულ ურთიერთობებზე გარკვეულ გავლენას ქურთული ფაქტორიც ახდენს. ეს ყველაფერი ისედაც რთულ სომხურ-თურქულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად ართულებს.

[red_box]რატომ ვერ ხერხდება სომხურ-თურქული კვანძის გაწყვეტა?[/red_box]

სომხურ-თურქული წინააღმდეგობების კვანძის გაწყვეტის მცდელობა არაერთხელ ყოფილა. ფაქტია, რომ ამაში მეტ დაინტერესებას სომხეთი ავლენდა. სომხეთისთვის სომხურ-თურქული საზღვრის გახსნა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სიტუაციის რეფორმატირებას ნიშნავს.
თვალსაჩინო ეკონომიკური სარგებლის გარდა, სომხეთს ეს საშუალებას მისცემდა, რუსეთზე სამხედრო-პოლიტიკური დამოკიდებულება შეემცირებინა, ამავდროულად კი, ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით გაერთიანებულ აზერბაიჯანულ-თურქულ ფრონტში უთანხმოება შეეტანა. ამიტომ ცდილობდა 1990-იან წლებში სომხეთის პირველი პრზინდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის ადმინისტრაცია ანკარასთან ურთიერთობების დალაგებას საჯარო და არასაჯარო არხებით. თუმცა ამ მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგანაც თურქეთმა ისინი უგულებელყო.

მეტიც, თურქეთი, სადაც 1990-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის თურქული რესპუბლიკების სოლიდარობის იდეა მეფობდა, აქტიურად უჭერდა მხარს აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტში და ბაქოს მიერ წარმოებულ სომხეთის იზოლაციის პოლიტიკას შეუერთდა.

ტერ-პეტროსიანს პოლიტიკურად საკმაოდ ძვირად დაუჯდა ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების წარუმატებელი მცდელობა. შესაბამისად, დიასპორის გავლენიან ორგანიზაციებთან არა მხოლოდ კონფლიქტში აღმოჩნდა, არამედ სომხეთის შიგნითაც დაკარგა ნაციონალისტურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერა.

ტერ-პეტროსიანის ინიციატივების წარუმატებლობამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ მისმა მემკვიდრე რობერტ კოჩარიანმა სომხურ-თურქულ ურთიერთობებში სრულიად სხვა პოლიტიკა წარმართა, პრიორიტეტად გენოციდის აღიარება დაისახა,და სომხეთის საგარეო პოლიტიკას სათავეში ჩაუდგა.

ამის მიუხედავად, თურქეთთან საერთო ენის გამონახვის მცდელობები არ შეჩერებულა. 2000-იან წლებში აშშ-ის დახმარებითა და შვეიცარიის შუამდგომლობით სომხურ-თურქული დიალოგი აღდგა. თავდაპირველად ეს ყოფილი დიპლომატებისა და საზოგადო მოღვაწეთა დონეზე ხდებოდა (Turkish Armenian Reconciliation Committee, TARC), შემდეგ კი მოლაპარაკებები, რომლებიც შვეიცარიაში კონფიდენციალურად მიმდინარეობდა, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეთა დონეზე გაგრძელდა. სწორედ TARC-ის მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და საიდუმლო შვეიცარული მოლაპარაკებების საფუძველზე, 2008 წელს ჩაშვებული იყო ე.წ. საფეხბურთო დიპლომატია, რომელიც სერჟ სარგსიანის მიერ თურქეთის პრეზიდენტის, აბდულა გიულის ერევანში, თურქეთ-სომხეთის საფეხბურთო მატჩზე, სენსაციური მიწვევით დაიწყო.

“საფეხბურთო დიპლომატიის” შედეგი აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენელთა თანდასწრებით 2009 წლის ოქტომბერში ციურიხში ხელმოწერილი შეთანხმებები იყო, რომელიც  “ციურიხის პროტოკოლებადაა” ცნობილი.

ეს ყველაფერი შესაძლებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის წყალობით, რომელიც სომხურ-თურქული წინააღმდეგობების გადაჭრით იყო დაინტერსებული, ასევე, თავად თურქეთის პოზიციაში ცვლილებების გამოც.

იმჟამად ერდოღანის პარტია “სამართლიანობა და განვითარება” ჯერ კიდევ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროკავშირთან ინტეგრაციას უჭერდა მხარს. მის მიერ თურქეთში გატარებული რეფორმების წყალობით მეტი სიტყვის თავისუფლება იყო, სომხური თემატიკა კი აღარ იყო ტაბუირებული. იმის მიუხედავად, რომ თავად ხელისუფლება 1915 წლის გენოციდის უარყოფის პოლიტიკას აგრძელებდა, ბევრმა თურქმა ჟურნალისტმა და ინტელექტუალმა წარსულის მოვლენებზე ღიად დაიწყო საუბარი, თუმცა ეს სერიოზულ რისკთან იყო დაკავშირებული. ეს 2007 წლის იანვარში თურქი ჟურნალისტის, ეთნიკური სომეხის, გრანტ დინკის მკვლელობამაც დაადასტურა. დინკის დაკრძალვაზე სტამბოლში ათეულობით ათასი ადამიანი მივიდა, რაც იმის მტკიცებულება იყო, რომ სომხური პრობლემატიკის მიმართ დამოკიდებულება იცვლებოდა. საგარეო პოლიტიკაში იმ დროს ანკარა ხელმძღვანელობდა პრინციპით “ნული პრობლება მეზობლებთან”, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაც ამ მოდელში სავსებით ეწერებოდა.

ყოველივე ამან საშუალება მისცა იმ გარემოებას, რომ დოკუმენტები ხელმოწერილიყო, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. “ციურიხის პროტოკოლები” ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული. როგორც დავინახეთ, თითოეული მხარე მეორეს აკისრებს პასუხისმგებლობას, რაც ხშირია ხოლმე მსგავს შემთხვევებში. თუმცა ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რეალური მიზეზები იმისა, თუ რატომ დარჩა პროტოკოლები არარეალიზებული, არა ანკარაში ან ერევანში, არამედ ბაქოში უნდა ვეძიოთ.

აზერბაიჯანმა პროტოკოლების რეალიზაციის საკითხზე პოზიცია ცალსახად ნეგატიურად გამოხატა, რადგან სომხეთის იზოლაციის პოლიტიკის განხორციელებას ხელს შეუშლიდა. ეს კი ბოლო ათწლეულებია, ყარაბაღის კონფლიქტში ბაქოს სტრატეგიის საფუძველი გახდა.

აზერბაიჯანის პოზიციას თურქეთში მხარი დაუჭირა ნაციონალისტურად განწყობილმა საზოგადოებამ, ერდოღანმა კი, რომლისთვისაც უკვე იმ დროს უცხო არ იყო ნაციონალისტური შეხედულებები, ეს პოზიცია გაიზიარა.

შესაძლოა, ასევე გარკვეული როლი ითამაშა ერდოღანსა და გიულს შორის ფარულმა შეჯიბრმაც: ურთიერთობების ნორმალიზაციის წარმატების შემთხვევაში მშვიდობისმყოფელის გვირგვინი, პირველ რიგში, ერევანში სენსაციურად ჩასულ გიულს ერგებოდა.

იმის მიუხედავად, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პროტოკოლებში არ იყო ნახსენები, თურქეთის ხელისუფლება მიანიშნებდა, რომ პროტოკოლები მხოლოდ იმ შემთხვევეაში იქნებოდა რატიფიცირებული, თუ ყარაბაღის საკითხში პროგრესი აღინიშნებოდა. ყარაბაღის საკითხში პროგრესი კი ამ დრომდე არ არის. დღეს სიტუაცია თურქეთშიც და მთელ რეგიონში სრულიად სხვაა,  შესაბამისად, იმედი, რომ პროტოკოლებს ხელი მოეწერება, მხოლოდ უიმედო ოპტიმისტს შეიძლება ჰქონდეს.

ნათელია, რომ ერდოღანი, რომელიც ზომიერი ისლამისტ-დემოკრატიდან ავტორიტარულ ისლამისტ-ნაციონალისტად იქცა, დღეს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციით სულ უფრო ნაკლებადაა დაინტერესებული.

ერდოღანის ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციის ფონზე 2000-იანების პლურალიზმი თურქეთში განსხვავებული აზრის მქონეთა დევნით შეიცვალა, რამაც სომხეთთან სამოქალაქო დიალოგის მონაწილეებიც დააზარალა. ასე რომ, თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხში ბოლო ინიციატივა წარუმატებლად დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ “საფეხბურთო დიპლომატია” სრულად ჩავარდა. ამის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს, მან აჩვენა, რომ სირთულეების მიუხედავად, სომხეთსა და თურქეთს საუბარი და შეთანხმება შეუძლიათ. ესეც არაა ცოტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი