ახალი ამბები

“შეფიცულების” ლიდერი ხელისუფლებას 26 მაისის ამბის გამოძიებისკენ მოუწოდებს

13 აგვისტო, 2013 • 1243
“შეფიცულების” ლიდერი ხელისუფლებას 26 მაისის ამბის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ქვარიანმა დღეს, 13 აგვისტოს, “პრაიმტამის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარდა მერაბიშვილისა, 26 მაისს კიდევ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლები, რომლებმაც, მისი თქმით, “უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს და შეუიარაღებელ მშვიდობიან აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ”.

ქვარიანი ამბობს, რომ  26 მაისს თავისუფლების მოედანი მან ნინო ბურჯანაძის ესკორტთან ერთად დატოვა. იგი იმყოფებოდა ესკორტის ბოლო მანქანაში, “ტოიოტა ლენდ კრუიზერში”, რომელიც, წინა ხელისუფლების გამოძიების მიხედვით, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს და შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მანსურაშვილი.

ქვარიანის მტკიცებით,ეს ვერსია, რომელიც მაშინ შსს სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელი მკვლელობასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

“ჩემი ინფორმაციით, და ეს კადრებშიც ჩანს, სპეცრაზმელი ზემოდან შემოახტა ჩვენს მანქანას, რის შემდეგაც იგი გადმოვარდა და ჩვენს უკან მიმავალმა კუდის მანქანამ გაიტანა”.

 

ქვარიანის ამტკიცებს, რომ მათ ავტომობილს პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აედევნა, მათ შორის ერთ-ერთში იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომელთა ვინაობაც მისთვის ცნობილია, და ისინი დაასახელა. შეფიცულების ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ზემოთ ხსენებულმა პირებმა მათ მანქანას არა რეზინის, არამედ რეალური ტყვიები ესროლეს,  სულ 52 ცალი, თუმცა მანქანაში მჯდომებს არც ერთი მათგანი არ მოხვედრილა.

 

ქვარიანის აცხადებს, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ მან პროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის აპრილში შეიტანა.

 

მისი ინფორმაციით, ეს პოლიციელები ამ დრომდე მუშაობენ შსს-ში, მეტიც, ერთ-ერთი მათგანი დააწინაურეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს.

 

ქვარიანი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს პოლციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს, ახალ ხელისუფლების შესაბამის ორგანიებს მოუწოდებს, რომ მის მიერ დასახელებული მოხელეები დაკითხოს და მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი