ახალი ამბები

პროკურატურა: “დენსუსის” დასკვნა არ ეწინააღმდეგება მერაბიშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას

12 აგვისტო, 2013 • • 1196
პროკურატურა: “დენსუსის” დასკვნა არ ეწინააღმდეგება მერაბიშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას

“კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გასცა უკანონო ბრძანებები, რომელთა საფუძველზე საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაარღვიეს მიტინგის დაშლის წინასწარ მომზადებული, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული გეგმა, რომლის მართლზომიერება და მიშანშეწონილობა გაზიარებულია ზემოაღნიშნული დასკვნითაც. შედეგად, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა, ხოლო ორი – გარდაიცვალა.

 

საგულისხმოა, რომ კომპანია “დენსუსი” დასკვნის შედგენისას უპირატესად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებული, ცალკეულ შემთხვევებში, ცრუ ინფორმაციებითა და მასალებით. ასე, მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ: “გამზირის დემონსტრანტებისაგან გაწმენდის ოპერაციის შესწავლის შედეგად  დათხოვნილი იქნა ოთხი  პოლიციელი, ერთი  – ჩამოქვეითდა და ცხრა პირს გამოეცხადა საყვედური. თუმცა დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ დანაყოფებში მუშაობდნენ აღნიშნული ოფიცრები ან რა დარღვევებმა/გადაცდომებმა განაპირობა მათი დისციპლინური დასჯა, არ გაცხადებულა”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ დღეს, 12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

პროკურატურისვე განცხადებით, გამოძიებით კი უტყუარად დადგენილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება და ჩადენილ დანაშაულში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, ნაწილი – უშუალოდ არ ღებულობდა მონაწილეობას მიტინგის დაშლაში, ხოლო 3 მათგანი დასჯის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, საკუთარი ნებით, უკვე  გათავისუფლებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

 

“შესაბამისად, კომპანია „დენსუსის” დასკვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლად გამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება და მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს”, – მიიჩნევს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

 

არასამთავრობო ორგანიზამ „თავისუფალი ზონა“, დღეს, 12 აგვისტოს, გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორისთვის 2013 წლის 16 ივლისს გაგზავნილი წერილის ასლი, რომელიც მოიცავს 2011 წლის 26 მაისის აქციასთან დაკაშვირებით სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „დენსუსის“ მიერ მომზადებულ დასკვნას

 

აღნიშნული დასკვნის მიხედვით, პოლიციელები არაორგანიზებულად იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, რამაც აქციის მონაწილეების არასწორი მიმართულებით გადაადგილება გამოიწვია, გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად სამართალდამცავებს დაუზიანდათ საკომუნიკაციო საშუალებები – რადიოგადამცემები, რის გამოც ისინი ერთმანეთში მხოლოდ მობილურით საუბრიობდნენ, კომუნიკაციის ნაკლებობამ კი გამოიწვია შეუთანხმებელი მოქმედებები.

 

მხოლოდ პოლიციელთა მცირე რაოდენობამ გამოიყენა გაუმართლებლად არაპროპორციული ძალა, უმრავლესობა კი იყო კარგად მომზადებული და ისინი იყენებდნენ პროპორციულ ძალას მომიტინგეთა მიმართ. საბოლოო დასკვნით, პოლიციას სჭირდება მეტი ტრენინგი და გადამზადება აქციის დაშლისათვის, ასევე, საკომუნიკაციო სისტემების დახვეწა.

 

ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის 28 მაისს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ “დენსუსის” მიერ მომზდებული დასკვნა მერაბიშვილის უდანაშაულოდ ცნობაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს და მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი