ახალი ამბები

აშშ–ის მთავრობის დაკვეთით მომზადებული დასკვნა 26 მაისის აქციის დაშლაზე გასაჯაროვდა

12 აგვისტო, 2013 • • 1300
აშშ–ის მთავრობის დაკვეთით მომზადებული დასკვნა 26 მაისის აქციის დაშლაზე გასაჯაროვდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი არჩილ კბილაშვილმა ნამდვილად

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

მიიღო და ვანო მერაბიშვილის ადვოკატს გადასცა.

 

“მე არ ვიცი ეს დასკვნა საქმეში შეცვლის თუ არა რამეს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დასკვნაში შეფასებულია მხოლოდ ცალკეული ასპექტები 26 მაისის, მაგრამ ამ დასკვნაში არ არის რაიმე შეფასება გაკეთებული, იქ იყო თუ არ იყო რაიმე დანაშაულებრივი  ქმედება, რაიმე კონკრეტული ამ დასკვნიდან არ იკვეთება, აქ შეფასებულია 26 მაისს მომხდარი ქმედებების ცალკეული ასპექტები”, – განუცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ “ნეტგაზეთს”.

 

“ტაქტიკური გეგმა და დაზვერვის შედეგად მიღებული ინფორმაცია სწორად, გასაგებად და მოკლედ იყო გადაცემული იმ სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ახორციელებდნენ აქციის დაშლის ოპერაციას. სამხრეთ ბარიერის გარღვევა, რათა ხალხს მისცემოდა კონტროლირებული გასვლის საშუალება, იყო წარმატებული. დაკავების სტრატეგია ასევე იყო კარგად მომზადებული“, – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, აქციის მონაწილეების კი 25 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ, სადაც მათ აქციის გამართვის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა თბილისის მერიამ მათ ეს ნებართვა ღამის 12 საათამდე მისცა, რათა შემდეგ აღლუმის საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარება ყოფილიყო შესაძლებელი. თუმცა აქციის მონაწილეები მთელი დღე საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი ჩაშლიდნენ დამოუკიდებლობის დღის აღლუმს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის ყველა მხრიდან აღმართეს ბარიკადები. ხელისუფლების წარმომადგენლები 25 მაისს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს აქციის ორგანიზატორებთან, რომ მათ აქცია რუსთაველის გამზირიდან სხვა ადგილზე გადაეტანათ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო გაფრთხილება სამართალდამცავებმა აქციის ორგანიზატორებს ღამის 12 საათამდე გადასცეს, ათ წუთში კი აქციის დაშლის ოპერაცია დაიწყო.

 

დასკვნაში წერია, რომ პოლიციამ დაშლის ოპერაცია დაიწყო პარლამენტის სამხრეთითა და დასავლეთით არსებული ბარიკადების აღებით, რომ ხალხს გასაქცევი გზა ჰქონოდა. პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია პარლამენტის წინ მყოფი აქციის 1 000 მონაწილიდან 200–მა, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ ხის ჯოხებითა და თვითნაკეთი ფარებით, ისინი პოლიციელებს ესროდნენ გაურკვეველ საგნებს. შედეგად, პოლიციამ გამოიყენა ნაკლებად ლეტალური საშუალებები – წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. გარდა ამისა, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, მათი ნაწილი კი ლეგალურად ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს. 

 

„დენსუსის“  ექსპერტების მიერ შეფასებულია პოლიციელთა ქმედებებიც.

 

„პარლამენტის წინ არსებული შედარებით დაბალი საფრთხისს წინააღმდეგ ძალის ასეთი მასშტაბით გამოყენების გამართლება უცნობია. არსებობს ვიდეომტკიცებულება, რომ აგრესიული და უკანონო ძალა გამოიყენეს კონკრეტულმა პოლიციელებმა აქციის მონაწილეების მიმართ, როცა ისინი ტოვებდნენ პარლამენტის მიმდებარ ეტერიტორიას“, – წერია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებულ დასკვნაში, სადაც ასევე წერია, რომ როცა აქციის მონაწილეები ტოვებდნენ რუსთაველის გამზირს ავტოკოლონით, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, დაეჯახნენ პოლიციელებს, რის შედეგადაც 5 პოლიციელი დაშავდა, 1 სამართალდამცავი და 1 მოქალაქე კი დაიღუპა.

 

დასკვნის მიხედვით, პოლიციელები არაორგანიზებულად იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, რამაც აქციის მონაწილეების არასწორი მიმართულებით გადაადგილება გამოიწვია, გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად სამართალდამცავებს დაუზიანდათ საკომუნიკაციო საშუალებები – რადიოგადამცემები, რის გამოც ისინი ერთმანეთში მხოლოდ მობილურით საუბრიობდნენ, კომუნიკაციის ნაკლებობამ კი გამოიწვია შეუთანხმებელი მოქმედებები.

 

მხოლოდ პოლიციელთა მცირე რაოდენობამ გამოიყენა გაუმართლებლად არაპროპორციული ძალა, უმრავლესობა კი იყო კარგად მომზადებული და ისინი იყენებდნენ პროპორციულ ძალას მომიტინგეთა მიმართ. საბოლოო დასკვნით, პოლიციას სჭირდება მეტი ტრენინგი და გადამზადება აქციის დაშლისათვის, ასევე, საკომუნიკაციო სისტემების დახვეწა.

 

ვანო მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის აქციის საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის 28 მაისს წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული დასკვნა მერაბიშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

“ეს დასკვნა უამრავ რამეს შეცვლის. ამ დასკვნაში უკვე ყველაფერზეა ნამსჯელი, რაზეც გამოძიება ახლა მსჯელობს. თუკი ისინი ნახავენ და გვექნება შესაძლებლობა, რომ სასამართლომ ამ დასკვნის ირგვლივაც იმსჯელოს, უამრავი ისეთი ნიუანსი გამოიკვეთება, რომელიც ვანო მერაბიშვილის გამამართლებელ განაჩენს დააყენებს. დასკვნაში საუბარი არის იმაზე, რომ მიტინგის დაშლის დროს არ ყოფილა ხელმძღვანელობითი პირების მიერ კონკრეტული გადაცდომის ფაქტი, შიგნით ასევე დევს რეკომენდაციები”, – აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი