ახალი ამბები

სააკაშვილი ივანიშვილს: იმედი მაქვს, თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან

12 აგვისტო, 2013 • • 1058
სააკაშვილი ივანიშვილს: იმედი მაქვს, თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან

“რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს”,- კითხა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს.


“მოგიხერხებ, რომ იშოვო, ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების”, – უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა. მათი დიალოგის ამსახველი ვიდეომასალა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.  

ამერიკულ სამხედრო ხომალდ “ბალკლიზე”ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ვინც პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს, ის ქვეყნის მტერია. 

 

“იმედი მაქვს, თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან”, – მიმართა პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრს. 

 

ამერიკული ხომალდი ბათუმის პორტში 10 აგვისტოს შევიდა, რის შემდეგაც ამერიკელი სტუმრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორს, პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს, სანაპირო დაცვის დაპარტამენტის დირექტორს, მე-2 რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

 

ამერიკულმა მხარის მიერ ხომალდზე გამართულ წვეულებაზე პრემიერ–მინისტრი ოჯახთან ერთად მივიდა, ხომალდზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდნენ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგია ბოკერია.  “BULKELEY“–ზე ასევე იმყოფებოდნენ აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკძე, სხვადასხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და აჭარის ავტონომიური მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე. 

 

აშშ–ის ხომალდმა „BULKELEY“–მ და საქართველოს სანაპირო დაცვის ორმა კატარღამ 11 აგვისტოს შავ ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.

 

12 აგვისტოს იგეგმება სპორტული ღონისძიებები. საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ–ის გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

 

13 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილია პერსონალის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომელშიც სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად მცურავი საშუალებებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

აშშ-ის ხომალდი “BULKELEY” საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 აგვისტოს, წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი