ახალი ამბებიკომენტარი

გამრეკელაშვილი: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მეტია ალეგორიული მინიშნებები

8 იანვარი, 2018 • 4891
გამრეკელაშვილი: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მეტია ალეგორიული მინიშნებები

შობას, 7 იანვარს, ტრადიციულად, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. რა საკითხებს შეეხეო და რა მინიშნებები გააკეთა ილია მეორემ თავის ეპისტოლეში, ამის შესახებ “ნეტგაზეთი” თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:

რას გამოარჩევდით პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან, რა აქცენტები გააკეთა პატრიარქმა თავის წერილში?

პატრიარქის ეს ეპისტოლე, ერთი შეხედვით, არ არის გამორჩეული რომელიმე რეზონანსული თემის წინ წამოწევით და ამას თავისი მიზეზები აქვს, თუმცა მასში საკმაოდ საინტერესო საკითხებია სიგნალიზებული არაპირდაპირი მინიშნებებისა თუ განზოგადებული თემების სახით. ჩემთვის ამ გზავნილის სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:

1.      შესავალი

2.      დავით მეფის ალეგორიით ძალაუფლების კრიტიკა

3.      გენეტიკისა და თვითქმნადობის თანაფარდობა – მინიშნება მეუფე დიმიტრიზე

4.      მინიშნება ციანიდის საქმეზე

5.      ნარკოპოლიტიკა

6.      ნუგეში

7.      მილოცვა

თუ განსხვავდება ეს ეპისტოლე არსებითად წინა ეპისტოლეებისგან და რით?

პატრიარქის 2018 წლის 7 იანვრის ეპისტოლე წინამორბედებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი ტექსტის თხრობითი სტრუქტურა უფრო ერთგვარად მორიდებული სტილით არის გადმოცემული, ნაკლებადაა ექსპრესია და არ არსებობს ე.წ. “შემტევი მსჯელობა“ თანამედროვე საზოგადოების რომელიმე საჭირბოროტო საკითხზე. კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეპისტოლეში უფრო მეტია ალეგორიული მინიშნებები. ამგვარი ყველაზე მნიშვნელოვანი ნართაულია ბეთლემის თემატიკიდან ბიბლიურ მეფე დავითის შესახებ მსჯელობაზე გადასვლა. ტექსტის ამ ნაწილში პირდაპირაა ნათქვამი, რომ “დავითს ძლევამოსილების მწვერვალზეც  და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა,  არამედ –  ყოვლადსახიერი უფალი.“ეჭვგარეშეა, რომ ეს სიტყვები მიემართება მოქმედ ხელისუფლებას, რომლის თვითნებობაც და ეკლესიის კონტროლის სურვილიც დღითიდღე იზრდება.

პატრიარქი არ გამოხმაურებია თავის ეპისტოლეში “ციანიდის საქმეს”, არადა, ეს ყველაზე გახმაურებული მოვლენა იყო გასულ წელს, რით შეიძლება ეს აიხსნას?

პატრიარქისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება სწორედ ისაა, რომ იგი ხშირად ღიად არ საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც იმ დროისათვის მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, არამედ აქაც სიმბოლურ ენას ირჩევს ხოლმე. ეპისტოლის ტექსტში ციანიდის საქმე არ არის პირდაპირ ნახსენები, მაგრამ იქ არსებული ორი მონაკვეთი აშკარად აირეკლავს ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საკითხებს. პირველი მათგანი ეხება იმას, რომ ხშირად გენეტიკა არ არს განმსაზღვრელი და ადამიანმა შეიძლება აირჩიოს ნეგატიური საქმეების ჩადენა. აქ აშკარად იკითხება განეიტრალების მცდელობა პატრიარქის მიერ წლების მანძილზე ნაქადაგები მითისა მისი გვარის რჩეულობისა და დავით მეფის ნათესაობასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, კათოლიკოსი გაბრაზებულია საკუთარ ძმისშვილზე, სჯერა მისი არაკეთილსინდისიერების და ამბობს, რომ ოდენ გენეტიკური ნათესაობა მას კეთილსათნოდ ვერ აქცევს. მინიშნებათა მეორე ნაწილი გვხდება ეკლესიის შესახებ მსჯელობისას, სადაც პირდაპირ არის ჩამოთვლილი ადამიანთა ის კატეგორია, ვინც ციანიდის საქმის საჯარო განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა: აღმსარებლები, თეოლოგები, მოწესეები, მრევლი და სასულიერო პირები, რომლებიც ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩებიან, თუ შესაბამისად არ მოიქცევიან. პატრიარქის მხრიდან ციანიდის ამბების ხსენება ხელახლა ააზვირთებდა იმ დაუცხრომელ ინტერესს ეკლესიის შიდა საქმეების მიმართ, რაც ამ ამბავმა ქართულ საზოგადოებაში წარმოშვა.

ზოგადად აქტიური საზოგადოებრივი საკითხებიდან მან მხოლოდ ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა. როგორც ფიქრობთ, რატომ იკლო სხვა თემებმა მის ეპისტოლეში წელს?

2017 წელი იყო მედიის მხრიდან ეკლესიასთან დაკავშირებული ამბების აქტიურად განხილვის წელიწადი. შესაბამისად, პატრიარქის მიერ კიდევ ერთი  სადისკუსიო თემის წამოჭრა დამატებით შფოთს მოუტანდა საპატრიარქოს და თავად კათოლიკოსსაც, რომელიც ისედაც გადაღლილია არსებული პრობლემების ხლართების გამორკვევითა და მოგვარებით. შესაბამისად, ამგვარი ეპისტოლეთი მან ერთგვარი განრიდება სცადა. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ეს არის თემა, რომელიც მრავალმხრივ ხელსაყრელია ეპისტოლის თემად ქცევისთვის. ესაა საკითხი, რომელიც:

ა) წარმოადგენს ეთიკურ საკითხს და ეკლესიის მხრიდან მასზე საუბარი ბუნებრივია.

ბ) აწუხებს ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, და საზოგადოების დიდ ნაწილს აშკარად სურს ამ სფეროს ჰუმანიზება.

გ) მთავრობასა და საზოგადოებას შორის ამ საკითხზე კონსენსუსი თანდათანობით მწიფდება და ადრე თუ გვიან პოზიტიურად გადაწყდება. შესაბამისად, ჩაითვლება, რომ პატრიარქმაც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ პროცესში.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, თქვენთვის როგორ ინტერპრეტირდება პატრიარქის დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ, როგორ პოლიტიკას უჭერს მხარს იგი ამ ეპისტოლეთი?

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკოსები პატრიარქის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ. როგორც ეკლესია, ასევე მისი საჭეთმპყრობელიც, ხელისუფლებასთან ურთიერთობის არსებული მოდელის ტყვეები არიან. კერძოდ, მთავრობა გადასცემს საპატრიარქოს ქონებასა და ფინანსურ რესურსებს, სანაცვლოდ კი იღებს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეკლესიის მხრიდან უშუალოდ სამთავრობო პოლიტიკაში ჩაურევლობას. უბრალოდ პოლიტიკოსებს ჰყოფნით ჭკუა, რომ საჯარო სივრცეში იმგვარი ილუზია შექმნან, თითქოს საქართველოში თეოკრატიული მექანიზმები ფუნქციონირებდეს. კათოლიკოს პატრიარქის დამოკიდებულება ამ საკითხთან დიდი ხანია ცნობილია. იგი ემხრობა ამ სფეროში ლმობიერ დამოკიდებულების დამკვიდრებას და ზოგადად სასჯელაღსრულებითი სისტემის ჰუმანიზაციას. მას არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოში არსებული სასჯელის ფორმები და ვადები უფრო აბოროტებს ადამიანებს, ვიდრე აკეთილშობილებს. რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სასჯელი. რაც უფრო ბევრია სასჯელი, მით მეტი გაუბედურებული ადამიანი და ოჯახი ემატება ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. როგორც ჩანს, პატრიარქი მსუბუქი ნარკოტიკების სამედიცინო კუთხით ლეგალიზაციას არ ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი