ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიმართ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 29.1მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.


“აღნიშნული დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამგვარად, ”სამართლიანი არჩევნების” მიერ იმის მტკიცება, რომ ცესკოს თავმჯდომარემ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტაციას და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეს”, – აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.


ცესკოს თავმჯდომარე მოუწოდებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ნუ დააყენებენ თავიანთ შეფასებებს კონსტიტუციასა და სასამართლოზე მაღლა, რაც, ხარატიშვილის თქმით, ეჭვქვეშ დააყენებს მათ კომპეტენციასა და მიუკერძოებლობას.


საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ანგარიშში, რომელიც 20 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი ყველაზე პრობლემატურია. კერძოდ, „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ ცესკოს თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქოებს მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის განცხადების მიღებაზე უარის თქმით კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.


“ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში”, – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *