მამუკა ახვლედიანის განცხადებით, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი და თითოეული ჯგუი განიხილავს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებს, ამ ჯგუფებში მოსამართლეთა დაყოფა კი მათივე სურვილის მიხედვით ხდება, ეს ჯგუფები კი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება. როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, მოსამართლეებზე საქმეები წინასწარ გაწერილი რიგითობით ურიგდებათ, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა მოსამართლე დატვირთულია, კანცელარიის უფროსი სასამართლოს თავმჯდომარეს ატყობინებს ამის შესახებ და მოსამართლეები ერთობლივი თათბირით იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელ მოსამართლეს აქვს უფრო თავისუფალი გრაფიკი და რომელი შეძლებს საქმის განხილვას.

 

როგორც მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, სასამართლოში სერიოზული პრობლემა შექმნა ამნისტიამ, რადგან სასამართლოს მოუწია 24 ათასამდე მსჯავრდებულის საქმის გადახედვა, რის გამოც 2 თვის განმავლობაში თითქმის შეჩერებული იყო სხვა საქმეების განხილვა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, სწორედ ამის გამო მან მოითხოვა მოსამართლეთა დამატება, რის გამოც მივლინებული მოსამართლეები დააბრუნეს თბილისში. მიუხედავად ამისა, ახვლედიანი ამბობს, რომ მოსამართლეთა რაოდენობა საკმარისი არ არის და 5–6 მოსამართლე კიდევ უნდა დაემატოს სასამართლოს. მამუკა ახვლედიანი ასევე აპირებს დღის წესრიგში დააყენოს სასამართლოსთვის დამატებით ახალი შენობის აშენება, რადგან საქმეთა გაზრდილი რაოდენობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებული დარბაზების რაოდენობა საკმარისი არ არის.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოსამართლეთათვის საქმეების განაწილების არსებული მოდელი ხარვეზიანია და ის  მოსაწესრიგებელია, ამისთვის კი აუცილებელია კომპიუტერული პროგრამის შექმნა, რომელიც მოსამართლეებს საქმეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გაუნაწილებს და გაქრება ყოველგვარი ეჭვი მოსამართლეთათვის სამეების მიკერძოებულად გადაცემის შესახებ.

 

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამომავლოდ რეგულარული ხასიათის იქნება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *