ახალი ამბები

ISFED: ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაცია ყველაზე პრობლემატურია

9 აგვისტო, 2013 •
ISFED: ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაცია ყველაზე პრობლემატურია

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის საკითხი ყველაზე პრობლემატურია. კერძოდ, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარემ ორმაგი მოქალაქოებს მქონე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის განცხადების მიღებაზე უარის თქმით კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა:


“მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები ამ მხრივ, გარკვეულწილად, ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა, მათი არა ფრაგმენტული, არამედ ერთობლივი, კომპლექსური განმარტებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს უფლებას, კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ და არჩეულ იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებში”, – ნათქვამია ანგარიშში.


შესაბამისად, ISFED-ი ცესკოს მიმართავს რეკომენდაციით, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა რეგისტრაციის საკითხის განხილვის დროს მოახდინონ კანონის იმდაგვარი განმარტება, რომელიც შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციის 29-ე, 70-ე და 1044-ე მუხლებთან და რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა თანაბარი შესაძლებლობების რეალიზებას, დარეგისტრირიდნენ კანდიდატებად; მოხდეს მსჯელობა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებების გადახედვაზე.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მიმდინარეობისას გამოვლინდა ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ორგანიზებული იყო ყოფილი პოლიტპატიმრებისა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიმართ რადიკალურად განწყობილი საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ:


“მიუხედავად აგრესიისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო პრაიმერის მონაწილე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა უსაფრთხოება”, – ნათქვამია ანგარიშში.


ISFED-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, კერძოდ,  არჩევნების დანიშვნის შემდგომ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ბიუჯეტიდან 13 555 400 ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოყო:


“მიგვაჩნია, რომ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია საბიუჯეტო პროგრამების ზრდა”, – აცხადებენ “სამართლიან არჩევნებში”.


ამას გარდა, ანგარიშში საუბარია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა მოხდა და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა:


“პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წესის გამკაცრების ფონზე, მაშინ, როდესაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძებებზე იკრძალება აგიტაცია, საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ სახელმწიფო ღონისძიებებზე დასწრება ეწინააღმდეგება გაცხადებულ პოლიტიკურ ნებას მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლინების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნასთან სახელმწიფო და პარტიულ საქმიანობას შორის მკაფიო ზღვარის არსებობის შესახებ”, – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.


“სამართლიანი არჩევნები” ანგარიშში მიუთითებს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციამ – „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების“ აგიტაცია გასწია, როცა შშმ პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა და გაწეული დახმარებისათვის “ქართულ ოცნებას” მადლობა გადაუხადა. ISFED-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო.


ანგარიშში საუბარია ჟურნალისტური და სადამკვირვებლო საქმიანობისათვის ხელის შეშლის შემთხვევებზეც:


“კერძოდ, პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და მისი მხარდამჭერები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტსა  და „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელზე – ირმა კიტრიაშვილზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენენ. ორგანიზაციის ქობულეთის ოლქის გძელვადიან დამკვირვებელს ხელი შეუშალეს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.


ISFED-ი მოუწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატებს და გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე კანდიდატებს, განსაკუთრებით კი მმართველი პოლიტიკური ძალის კანდიდატს, თავი შეიკავონ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი