ახალი ამბებისაზოგადოება

სოცმუშაკი: მშობლების თქმით, ვერ აცნობიერებდნენ ბავშვისთვის სიგარეტის მოწევის შედეგს

5 იანვარი, 2018 • 2869
სოცმუშაკი: მშობლების თქმით, ვერ აცნობიერებდნენ ბავშვისთვის სიგარეტის მოწევის შედეგს

ბავშვთან, რომელიც ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში სიგარეტს ეწევა, სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს, ნინო ტყეშელაშვილს, რომელსაც ბავშვის ოჯახთან შეხვედრები აქვს.

ნინო ტყეშელაშვილი საუბრისას აღნიშნავს, რომ ვიდეოს გავრცელებისთანავე ოჯახთან დაიგეგმა შეხვედრა და, როგორც ბავშვის მშობლები განმარტავენ, ამ ფაქტს სისტემატური ხასიათი არ ჰქონია.

“როგორც თვითონ (მშობლები) ამბობენ ჩემთან საუბრისას, რა თქმა უნდა, მეუბნებიან, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია სისტემატური ხასიათი და მეუბნებიან, რომ უბრალოდ ვერ აცნობიერებდნენ, რა პრობლემა შეიძლება მოჰყვეს ყველაფერ ამას ბავშვისთვის, რამდენად საზიანოა ასეთი ხუმრობა. რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ უკვე გასაგებია და რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ვერ აცნობიერებდნენ, რამდენად ცუდად იქცეოდნენ ამ შემთხვევაში, როცა ამას აკეთებდნენ”- აღნიშნავს ნინო ტყეშელაშვილი.

სოციალური მუშაკის თქმით,  ჯერჯერობით შეუძლებელია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ოჯახი მზადაა თანამშრომლობისთვის.

“პოზიციური კონტაქტი შედგა ოჯახთან, მზად არიან, რომ გაითვალისწინონ რჩევები, ითანამშროლონ, იმუშაონ ჩვენთან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ საჭოროა ცნობიერების ამაღლება, ამ შემთხვევაში ბავშვის აღზრდის მეთოდების სწავლება, თუ იქნება საჭირო, ფსიქოლოგის კონსულტაცია.  ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი ვერაფერს გადამწყვეტს იმიტომ, რომ ამას სჭირდება დრო და ჩვენი ვიზიტები, ოჯახს სჭირდება შესწავლა და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა. მაგრამ ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ თანამშრომლობენ ჩვენთან და სავარაუდოდ გაითვალისწინებენ რჩევებს “ – განმარტავს ნინო ტყეშელაშვილი.

ტყეშელაშვილის თქმით, მსგავსი ქცევა არა მხოლოდ  ვნებს ბავშვის ორგანიზმს, არამედ შეიძლება მის ფსიქოლოგიაზეც პრობლემატური გავლენა იქონიოს.  ბავშვისთვის ამ ასაკში სიგარეტის მოწევა ნორმალურ ქცევად არ უნდა აღიქმებოდეს. თუმცა დღესდღეობით ბავშვს არ აღენიშნება რაიმე ძალადობის ან დაავადების ნიშანი და მისი განვითარება ასაკს შეესაბამება.

“ბავშვს არ აღენიშნება არც რაიმე დაავადების და არც ძალადობის ნიშნები. ვიზუალურად ბავშვი არის ნორმალურად, კარგად მოვლილი, რამდენადაც შეიძლება, რომ ეს ვიზუალური მახასიათებლებით ვთქვა, ამ შემთხვევაში განვითარება შეესაბამება ასაკს. საკმაოდ გონიერი ბავშვია, და რაიმე ვიზუალური ნიშანი ძალადობის არ აღენიშნება”

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ნინო ტყეშელაშვილი აღნიშნავს, კიდევ ერთი შეხვედრა დღესაც იგეგმება, ხოლო იქითა კვირიდან კონსულტაციები ფსიქოლოგთანაც გაიმართება.

  • ვიდეოში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე გავრცელდა, ზრდასრულების წახალისებით ბავშვი სიგარეტს ეწევა. ვიდეო რამდენიმე წუთი გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ახლოს მყოფი ზრდასრულები სიგარეტის გამორთმევას არ ცდილობენ.
  • ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.  როგორც “რუსთავი 2”-ს სახალხო დამცელის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ვიდეო ბავშვზე ძალადობის და მისი გასართობ საშუალებად გამოყენების კლასიკური მაგალითია. მალევე ოჯახით სოციალური მომსახურების სააგენტოც დაინტერესდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი