ახალი ამბები

2016 წელთან შედარებით საქართველოდან ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა

4 იანვარი, 2018 • 1996
2016 წელთან შედარებით საქართველოდან ღვინის ექსპორტი 54%-ით გაიზარდა

2017 წელს საქართველოდან  76.7 მლნ ბოთლი ღვინოა ექპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 54%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებული 76.7 მლნ ბოთლი  54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.  საანგარიშო პერიოდში სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  49%-ით აღემატება . 2017 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა.

რაც შეეხება ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს, მასში შედიან რუსეთი ( 47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554),  ჩინეთი  (7 585 407), ყაზახეთი  (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440).

ექსპორტის მატება აღინიშნება შემდეგ ქვეყნებში :

  • ჩინეთი – 43% (7 585 407 ბოთლი)
  • რუსეთი – 76% (47 778 920)
  • უკრაინა – 46%(8 502 554)
  • პოლონეთი – 15% (2 676 440)
  • ლატვია – 20% (1 505 138)
  • ბელარუსი – 56% (1 827 130
  • აშშ – 56% (457 920)
  • გერმანია – 38% (404 538)
  • ისრაელი – 150% (213 074)
  • მონღოლეთი – 82% (168 162)
  • საფრანგეთი – 178% (99 796)
  • აზერბაიჯანი 75% (141 294)

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი,  „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ,  „ახაშენი“ – 1,5 მლნ,  „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი.

რაც შეეხება  ბრენდის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 2017 წელს 26  ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი, რაც 78%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. მატებამ 2016 წელთან შედარებით 70% შეადგინა.

ჭაჭა 2017 წელს 23 ქვეყანაშია ექსპორტირებული, ექსპორტის ზრდამ 180% , ხოლო  ჭაჭის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა, ჯამში, 846.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.  ეს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილია.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები მთლიანობაში  283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ მაჩვენებლის ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი